რამდენიმე იაპონური (“ჰაიკუ” – “ტანკა” – “ხოკუ”)
წყალწაღებულმა – ვტაცე ხელი,
ხავსს ვეჭიდები – საშველს ვეძებ…
ძნელია წუთი განშორების!
ბასიე (ჟანრი – “ხოკუ”)
***
აურაცხელი სამოსი აქვთ,
კაბა-სამოსი მდიდრის შვილებს,
ვერ გასცვეთენ მთელ სიცოცხლეში, -
სკივრში ულპება მდიდარს ქონება,
ეღუპება ძვირფასი სტავრა!
ღატაკს კი ტილოც არ გააჩნია,
უბრალო ტილო შესამოსი,
და გვიცხოვრია ასე! და შენ წუხხარ,
შენ წუხხარ მხოლოდ,
ხოლო შეცვლა არ ძალგიძს ამის!
ამანოე ოკურა (ჟანრი – “ტანკა”)
***
არ მიყვარს ბღენძი,
ცრუბრზენი და ჭკუისკოლოფი!
ლოთთან დავჯდე უმჯობესია:
დატვრება მაინც და შემთვრალი
ერთს სულგრძელად წამოიტირებს!
ოტომო ტაბიტო (ჟანრი – “ტანკა”)
***
მათხოვარი გზად!
ზაფხულობით მაგის საბან-გობანი -
მიწაა და ცა!
***
მშობელ მხარეში
ბალახი რომ ბალახია, -
ჰყვავის ჩვენთვის ატმის ხესავით!
***
ჰოი,როგორ სევდით გასცქერდა,
თვალს ადევნებდა ჩიტუნია
გალიიდან პეპლების ფარფატს!
***
ხეს მოსაჭრელად თარჯი ადევს,
ჩიტუნები კი უდარდელად
იკეთებენ ხეზე ბუდეს.
ისსა (ჟანრი – “ჰაიკუ”)
***
თუ სატახტოში ჩემს შესახებ შემთხვევით გკითხონ:
“რას იქმს სადაკი რას შვრებაო,რაგვარად ცხოვრობს?!”
უთხარ შენ მაგათ: “როგორც ქედებს ნისლები ჰბერავს,
ესრეთ ჩემს გულშიც
უსაშველო ნაღველი ბრუნავს!”
ონო-ნო სადაკი (ჟანრი – “ტანკა”)