კარდინალ რიშელიეს მიმართვა “ლუი XIII”-ს
“თქვენო უდიდებულესობავ!
ძველად რომში ყოველწლიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ,რომლის დროსაც,რამდენიმე დღის განმავლობაში,მსახურებს ნება ეძლეოდათ,სიმართლე ეთქვათ თავიანთი ბატონებისათვის,უშიშრად შეეხსენებინათ წლის მანძილზე მათდამი მიყენებული ტანჯვა და გვემა. (ავტორი გენია.ჯი)
თქვენო უდიდებულესობავ,შეკრიბეთ რა თქვენი ქვეშევრდომნი სამეფოს დედაქალაქში,ჩვენის მეფეთა სავანეში – საფრანგეთის რომში,არა მარტო ნება დართეთ,არამედ უბრძანეთ კიდეც,დაძლიონ შიში,რათა გულახდილად მოგხსენდეთ ყველა იმ გასაჭირის შესახებ,რაც მათ თრგუნავს და ამცირებს, და ამით იმედი ჩაუსახეთ,რომ მსგავსი დღესასწაული ჩვენთანაც ჩატარდება.
ერთი შეხედვით ასე ჩანს,სინამდვილეში თქვენი ჩანაფიქრი გაცილებით ღრმაა და ეს დღე რომაელთა დღესასწაულებზე ბევრად მეტია.
რომში დღესასწაული მსახურებს მცირეოდენი ამოსუნთქვის საშუალებას უქმნიდა,მაგრამ გაჭირვებას უმსუბუქებდა,რადგან უქმე დღეების შემდეგ ისინი კვლავ თავის ძველ საქმიანობას უბრუნდებოდნენ.ეს დღეები განკურნების იმედს კი არა,მხოლოდ საყვედურის გამოთქმის შესაძლებლობას აძლევდა მათ,მაშინ,როცა ჩვენ შეგვიძლია,სრულიად გავთავისუფლდეთ ყველა უბედობისგან.თან,თქვენ ხომ გზასაც გვიჩვენებთ,როგორ დავძლიოთ განსაცდელი,გვირჩევთ,რა ჯობია განკურნებისათვის; უფრო მეტიც,თანახმა ხართ,შეისმინოთ ჩვენი რჩევები,მიჰყვეთ მათ,რასაც საჭიროდ ჩათვლით თქვენი მმართველობისა და მონარქიის კეთილდღეობისათვის.
ჭეშმარიტად დიდებულია საქმენი თქვენნი; უდიდესი სხვაობაა რომაელ ხელისუფალთა და თქვენ უდიდებულესობას შორის – ჩვენო ერთადერთო ბატონი,ვისაც ერთგულად გემსახურებით.
რომაელნი წარმართები იყვნენ; თქვენ კი უპირველესი ბრძანდებით ქრისტიან მეფეთა შორის.
მათი მსახურნი მონები იყვნენ; ის კი,ვინც თქვენ ქვეშევრდომათ იბადება,საკუთარ თავისუფლებას იმკის.
ისინი მონები არ არიან,თქვენო უდიდებულესობავ, და მაინც მონობას ამჯობინებენ; თავისუფლები არიან,ბორკილებით არავის შეუბოჭავს,მაგრამ ნებაყოფლობით გემონებიან,ხუნდებს სიყვარული ცვლის და მუდმივად თქვენ სამსახურში რჩებიან.
თქვენი წყალობით,დღეს ყველა იმაზე უკეთესად გვეპყრობა,ვიდრე რომაელი ბატონები ექცეოდნენ თავიანთ მსახურებს.ყოველივე მოვალეს გვხდის,თქვენ მიერ შემოთავაზებული თავისუფლების ფასად სხვაგვარად მოვიქცეთ და არა ისე,რომაელები თავისუფლების წუთებში რომ იქცეოდნენ – ისინი ერთდროულად ბატონებს შესჩიოდნენ და თანაც ხოტბას ასხამდნენ; ერთდროულად წუწუნებდნენ და წლის მანძილზე მომხდარ უბედურებაზე პასუხს ითხოვდნენ,გუნდრუკს კი რამდენიმე დღიანი თავისუფლების საფასურად უკმევდნენ.
დღეს თქვენს უდიდებულესობას მხოლოდ დიდებას და ღვთის წყალობას უთვლიან; თუ ჩვენი უბედურება მოთმინების ზღვარს გასცდება.მხოლოდ მაშინ მოგმართავთ,რომ თქვენმა ძალაუფლებამ და სიკეთემ დაგვიამოს ჭრილობები,რომლებიც შეიძლება დროის სიმუხთლემ,ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვებმა და შეცდომებმა გამოიწვიეს; გულწრფელად გვჯერა – ბრალი არ მიგიძღვით,თქვენ დამნაშავე არ ხართ.
ასე,შელამაზებისა და სიტყვათა თამაშის გარეშე (გვინდა თავი წარმოვაჩინოთ არა სიტყვით,არამედ საქმით),ვიყენებთ თქვენ მიერ მონიჭებულ თავისუფლებას: ამაშია ჩვენი პატივისცემა,რომელსაც გამოვხატავთ ახლაც და მომავალშიც.
ახლა კი დროს ტყუილად არ დავკარგავ და მოგახსენებთ ჩვენს სატკივარს,გულღიად მოგიყვებით,რა გვაწუხებს,რამეთუ თქვენს უდიდებულესობას მივცეთ შესაძლებლობა,ჩანაფიქრი განახორციელოს და განსაკურნავი გზა გამონახოს.
მიზნის მიღწევა მხოლოდ მისკენ მავალი გზით შეიძლება; ვისაც ავადმყოფის განკურნება ხელეწიფება,მისი მიზეზიც უნდა იცოდეს,ამიტომ გეტყვით,რამ გამოიწვია დაავადება,რათა შეძლოთ მისი აღმოფხვრა და სეაჩეროთ მისი შემდგომი გაღრმავება.
არაფერია უფრო ღირსეული,უფრო სასარგებლო,უფრო აუცილებელი ხელისუფლებისათვის,ვიდრე ხელგაშლილობა.რადგან ძღვენი ყველაზე კარგი იარაღია გულის მოსაგებად,მონარქს ასე რომ ესაჭიროება.დიდ სახელმწიფო მოღვაწეს არ უნდა ეშინოდეს აღიაროს,რომ ვისაც სამეფო ტახტიდან აძევებენ,მისი დამარცხება ერთგული ადამიანების ნაკლებობამ გამოიწვია და არა მატერიალურმა სიდუხჭირემ. და მაინც,აუცილებელია თანაფარდობის დაცვა გაცემულ და კანონიერების ფარგლებში გასაცემ თანხებს შორის; წინააღმდეგ შემთხვევაში ძღვენი საზიანო უფროა,ვიდრე სასარგებლო.უნდა ვაღიაროთ,უბედურების ძირითადი მიზეზი სხვა სახელმწიფოებში და,მათ შორის ჩვენთანაც,გადაჭარბებული დანახარჯებისა და უზომოდ გაცემული ძღვენის გამო ხდება.
თუ ხალხს მივაპყრობთ მზერას,რომელზეც ეკლესიამ – ობოლთა,უთვისტომოთა და განდეგილთა მფარველმა უნდა იზრუნოს,მაშინვე მივხვდებით,რომ მისი სიღატაკე სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა; მართლაც,ხომ ცნობილია,რომ საფასურის სიდიდე,გადასახადის გაზრდას იწვევს; რაც მეტი იხარჯება,მით მეტს სთხოვენ ხალხს – საფრანგეთის სიმდიდრის ერთადერთ წყაროს.მოვიძიოთ,სად იმალება უკმარისობის მთავარი მიზეზი,რაც სასამართლოსთვის გაწეულ უდიდეს ხარჯში აისახება და მეფეს ხელქვეითების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება.ნათელი გახდება,რომ ამ უბედურების მთავარი მიზეზი თანამდებობებით და ადგილებით ვაჭრობაა,რაც მხოლოდ სახელმწიფოს სალაროს შევსებას ემსახურება გადამეტებული ხარჯების დასაფარავად?
აქედან გამომდინარე,მით მეტი ფული მოედინება,რაც მეტია თანამდებობა და ისინიც სოკოებივით მრავლდებოდა. და სანამ უზნეობას უზნეობა ემატებოდა და ერთმანეთს ასაზრდოებდა,თანამდებობებით ვაჭრობა ხარჯს ზრდიდა,ხალხს განუზომელ ტვირთად აწვებოდა,დაკისრებულ ვალდებულებას უმატებდა,ძალას ართმევდა,რადგან სწორედ მას უწევდა მოხელეთა რჩენა; უნდა აღინიშნოს,რაც მეტია სახელმწიფო სამსახურში ჩართული და გადასახადებისაგან თავისუფალი ადამიანი,მით ნაკლები,თანაც გაღატაკებული,გადამხდელი რჩება.მდიდრები,როგორც წესი,თავს არიდებენ გადასახადს,უჭირთ იმ ფულის გაღება,თანამდებობების გამო რომ იღებენ.
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს – უსასრულო ხარჯი,მონარქის მიერ გაცემული დიდი ძღვენი და გასამრჯელო მომგებიანია იმ დიდებულთავთვის,ვინც ახლოა სამეფო კართან და ხელისუფლების ხელიდან დავარდნილს ყველაფერს ხვეტავს; მაგრამ აქაც მხოლოდ რჩეულებს უღიმის ბედი.ისე კი,აზნაურობაც დაბეჩავებულია თავნამდებობის გაყიდვით,რადგან ღარიბნი ფულით,მაგრამ სულით მდიდარი და თავდადებული ადამიანები,ვერ ყიდულობენ სასურველ ადგილს მთავრობასა და სასამართლოებში,რადგან ამის მიღწევა მხოლოდ იმით შეიძლება,რაც არ გააჩნიათ.
ყოველივე ეს კი ზიანს აყენებს ეკლესიას; კეთილშობილებს აღარ სურთ,ჩვეულებრივად გააგრძელონ მათი წოდების შესაფერისი საქმიანობა.იქამდე მივიდნენ,რომ მათ მიიტაცეს საეკლესიო ქონება,რასაც ბოროტად იყენებენ და შევეცდები ჩემი წოდების შესაბამისად მოგახსენოთ ამის შესახებ; რამდენიმე ჭრილობის მიღებისას,საჭიროა,პირველ რიგში რთულს ვუმკურნალოთ,ის ხომ ყველაზე საშიშია. (ავტორი გენია.ჯი)
ცნობილია,რომ გარდასულ საუკენეებში მსოფლიოს ყველა ერში,მაშინაც,როცა ცრუ ღვთაებებს ემსახურებოდნენ და ახლაც,როცა ჭეშმარიტი ღმერთი იწამეს,არა მარტო სასულიერო,არამედ საერო და პოლიტიკური მმართველობის დროსაც,მღვდელმსახურები მეფეებს უტოლდებოდნენ (თუ თავად არ იყვნენ ხელისუფალნი); ადვილია ამის ჩვენება ისტორიის მსვლელობის მაგალითზე.არ მინდა,თქვენი უდიდებულესობის მოთმინება ბოროტად გამოვიყენო,მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ისტორიით შემოვიფარგლები და მოკლედ გაგაცნობთ,როგორ იყო მოწყობილი მმართველობა ჩვენში ძველად.
მაშინ,როცა წარმართთა წესები ჩვენი სამეფოს თვალსაწიერს ბურუსში ახვევდა,იმდენად ენდობოდნენ დრუიდებს და მათ ღვთაებებს,რომ მათი ნებართვის გარეშე არაფერი ხდებოდა.
მას შემდეგ,რაც ქვეყანამ ჭეშმარიტი სარწმუნოების განძი ჩაიბარა,ისინი,ვისაც საიდუმლოების დაცვა ევალებოდათ,გარკვეულ დრომდე დიდი გავლენით სარგებლობდნენ.არაფერი ხდებოდა მათი რჩევის და თანხმობის გარეშე; ეს ხომ ჩვენი მეფეების ძლიერებას წარმოაჩენდა.
მათ გარეშე არ ხდებოდა მეფეთა შეუღლება,მშვიდობისა სხვა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ხელშეკრულების გაფორმება,ასევე ფინანსების მართვა და საქმეთა წარმოებაც ევალებოდათ.
ისტორია ცხადყოფს,რომ არა ერთი კანცლერი გვყავდა სამღვდელოებიდან: ერთი ავტორი ოცდათხუთმეტსაც კი ასახელებს.ბევრი მათგანი მეფეთა ნათლიებიც იყვნენ; ევალებოდათ უფლისწულების აღზრდა და მფარველობა,რეგენტობა სახელმწიფოში.რელიგია ადამიანს ღმერთთან აკავშირებს და რწმენას აძლიერებს,სწორედ ამიტომ,ღვთისმსახურის მიერ მიცემულ პირობას ადამიანები ენდობოდნენ: მათ პატივს მიაგებდნენ,არა მარტო მეფისა და უფლისწულების ერთგულების,არამედ მათივე ღირსების გამო,სამეფო პირადაც რაცხდნენ. და ბოლოს,ამ პირთა მიმართ პატივისცემა იმდენად გაიზარდა,რომ თავად მეფეები საკუთარ მრჩევლებად იწვევდნენ,ყურად იღებდნენ მათ განაჩენს,თუმცა ისინი მონარქების ხელქვეითები იყვნენ.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ჩვენს მეფეთა შორის გამორჩეულნი ისინი იყვნენ,ვინც განსაკუთრებით ემორჩილებოდა სამღვდელოების ნებას,რასაც ადასტურებს დიდი ხელმწიფის საქმეები,პირველმა რომ შეძლო იმპერიის შარავანდედის და საფრანგეთის გვირგვინის გაერთიანება.ეპისკოპოსთა რჩევის გარეშე ის არაფერს აკეთებდა არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს.სწორედ ამიტომ,ან სხვა მიზეზის გამო,სინოდი ყოველწლიურად იკრიბებოდა.
მას შემდეგ,რაც პრელატები მეფის სამსახურში ჩადგნენ,გალიკანური ეკლესია დიდების მწვერვალზე ავიდა.დღეს კი ვეღარ იცნობ,იმდენად დაკარგა თავისი ბრწყინვალება,რადგან სახელმწიფო საქმეების წარმოებისას მღვდელმსახურებს რჩევას არავინ ეკითხება.უფრო მეტიც,ეკლესიასთან თანამშრომლობა თითქოს ხელს უშლის მეფისთვის თავდადებას,ავიწყდებათ,რომ მისი ძალაუფლება ღვთაებრივი წარმოშობისაა.
დღეს მღვდელმსახურებს საბჭოში მხოლოდ ფორმალურად იწვევნ და ისეთი ამრეზით ხვდებიან,თითქოს სამოქალაქო საქმიანობა უმჯობესია,მაშინ როცა გარდასულ დროში მათი წოდება,ყველას წინაშე პირველობას რომ ანიჭებდა,საბჭოშიც უპირატესი იყო.
ამრიგად,დაკნინებულია იმ ადამიანების ღირსება,ვინც წმინდა საკურთხეველს ემსახურება; უფრო მეტიც,ისინი მეფეს ისევე უხდიან გადასახადს,როგორც დანარჩენები.არ შეიძლება,სამღვდელოებას ისეთივე ოდენობის გადასახადი დაუწესდეს იმ ადამიანებისთვის,ვისაც არ შეუძლია თანხის გონივრულად ხარჯვა და საღვთო საქმის ნაცვლად საეროს ახმარს,ან სულაც ეკლესიის მტრებს უნაწილებს.ავიწყდებათ – დროებითი კეთილდღეობით სარგებლობა და ღვთაებრივის მივიწყება,რომ სულის წაწყმედას იწვევს.
მართალია,ბევრი საერო მოღვაწე თავისუფალია გადასახადისაგან და მცირეოდენის გაღებაც არ სურს,ამიტომაც უფლებები არ მოეკითხება და დაუსჯელად შეურაცხყოფს სიწმინდეებს.უხეში ძალა მათ სასახლეებს უფრთხილდება და ღვთაებრივ შთაგონებას არ ემორჩილება.
წინათქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ,რომ ძალა არ შესწევს,ხმა აღიმაღლოს. და თუ თვალწინ მოძღვარი წარუდგება,ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია,ხმასაც ვერ ამოიღებს.რამეთუ არ სჯერა,რომ შეიბრალებენ,გონიერებას და რწმენას დაუბრუნებენ,სიცოცხლეს,სიკეთეს მიანიჭებენ და პატივს მიაგებენ.
იმისთვის,რომ მისმა უდიდებულესობამ შეაფასოს ეკლესიის მესვეურთა გულისტკივილი,ირგვლივ არსებული ბოროტმოქმედებისა და უპატივცემულობის გამო,მათ უნდა მოგმართონ და ისარგებლონ თქვენი რჩევით.მათი მიზანია,ერთგულად გემსახურონ,არ გასცდნენ კანონიერების ფარგლებს,ყოველთვის შეინარჩუნონ პატიოსნება და წინდახედულობა,ეს ერთადერთი პირობაა სახელმწიფოს ერთგული სამსახურისთვის.(ავტორი გენია.ჯი) ისინი სხვაზე ნაკლებად მოელიან პირად გამორჩენას,რადგან ვალდებულნი არიან,არ დაოჯახდნენ,მათ მხოლოდ თავიანთ სულზე უნდა იზრუნონ და სიმდიდრე სულაც არ ესაჭიროებათ.ამიტომაც,ამ ქვეყანაზე მათი ერთადერთი საფიქრალი მეფისა და ქვეყნის სამსახურია,რათა იქ,ზეციურ სამყაროში,ღირსეულად დაიმკვიდრონ სამუდამო სასუფეველი.
სად არის იმედი,რომ ეკლესია თავის კუთვნილს მიიღებს და ის საერო საქმეებს არ მოხმარდება? განა,წესის დარღვევა არ არის,რომ ღმერთის კუთვნილი სხვას მოხმარდეს და შესაწირი ეკლესიის ნაცვლად ვიღაცამ მიისაკუთროს.
სააბატოს გადაცემა რომელიმე დიდებულისათვის,ან სხვა სარწმუნოების მიმდევრისათვის – ვითომ რა მოხდა,რა დააკლდა ეკლესიას? სწორედ აქ იწყება ეკლესიის დაცემა და განადგურება,რადგან სამრევლოების უმეტესი ნაწილი სააბატოებს ეკუთვნის. და თუ ისინი უპატიოსნო ადამიანის კუთვნილებაა,მაშინ მოძღვარი ვერაფერს გახდება (სწორედ ისინი არიან ეკლესიის ბურჯები და მისი პატიოსნების საწინდარი).კარისკაცი ან ვინმე სხვა,ზეციურზე მეტად მიწიერი აზრებით დამძიმებული,ძნელად თუ შეიწუხებს თავს მოძღვრის არჩევისას და,ჩვენდა სამარცხვინოდ,უზნეო და გაუნათლებელ ადამიანს შემოგვთავაზებს.
თქვენო უდიდებულესობავ,კეთილ ინებეთ და ისმინეთ,სამართლიანი არ იქნება,ასეთმა ხალხმა ხელთ იგდოს ეკლესიო ქონება,ეს არც მღვდელმსახურთათვის ეგების,თუ ისინი უპატიოსნებაში და უვიცობაში არიან შემჩნეულნი.დიახ,თქვენო უდიდებულესობავ,ეს დიდი ბოროტებაა,ბოროტება,რომელიც საწმყსოს ბევრ წევრს დაგვაკარგვინებს.მათი სულები, და მათ შორის თქვენიც,ერთხელაც ხომ წარდგებიან უზენაესის წინაშე.
მთელ მსოფლიოში ვარაუდობენ,რომ მეფეებისათვის მომგებიანია წყალობის გაცემა; მაგრამ უდიდესი წმინდანი ჩვენს მეფეთა შორის,თქვენი მოსახელე,არ იზიარებდა ამ მოსაზრებას,მან არ მიიღო ბულა,რომლითაც პაპი ძალაუფლებას ანიჭებდა.ხოლო მისმა შთამომავალმა არ გაიზიარა ეს მოსახრება და იმას დასთანხმდა,რაზეც ადრე უარი თქვა,მაგრამ სასიკვდილო სარეცელზე,სანამ ღმერთის წინაშე წარდგებოდა – ის კი ერთნაირად განსჯის მეფესაც და ქვეშევრდომსაც,შვილს შესჩივლა,რომ ზეციურ სამყაროში პასუხის გაცემა მოუწევდა არასწორად განაწილებული მოწყალების გამო.აუცილებელია,გეშინოდეს ღვთის რისხვის,რადგან ცოდვებისთვის ყველას მოეკითხება.ჩვენი ვალია,გავაფრთხილოთ ის,ვისი შეჩერებაც ძალგვიძს. (ავტორი გენია.ჯი)
თითქოს გადაწყდა მოქალაქებისათვის ან მათი რწმუნებულებისათვის შესაფერისი წოდებების ნაცვლად პენსიონების დანიშვნა.უსამართლობაა,ვინც არ შრომობს,ჯილდო მიიღოს.თუ პენსიონებს მემკვიდრეობით გადავცემთ,ვინ მიიჩნევს სამართლიანად ადამიანის სიცოცხლეში მის თანამდებობაზე მემკვიდრის დანიშვნას,ამით ხომ საფრთხეში ვაგდებთ ამ ადამიანის სიცოცხლეს? ანრი III-მ თავის უკანასკნელს გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ განაცხადა,რომ შეცვლიდა ამ წესს და თავისი მეფობის დროს ყველა მსგავსი განკარგულება გააუქმა.დროული და აუცილებელია იგივეს გამეორება ახლაც,არა მხოლოდ ბენეციფიების,არამედ სამეფოს ყველა თანამდებობის მიმართ; წინააღმდეგ შემთხვევაში,თქვენო უდიდებულესობავ,არ გექნებათ თავისუფალი მოქმედების საშუალება.” (ავტორი გენია.ჯი)
“ახლა,რაც შეეხება ეკლესიის ზოგიერთი მსახურის განაწყენებას,რომელთაც გადასახადი დაუწესეს.განა უსინდისობა არ არის,ეკლესიას მოსთხოვოთ ის,რასაც წარმართებიც კი არ ითხოვდნენ მათგან,ვინც კერპებს ემსახურებდოდნენ? საიმპერატორო და საეკლესიო კონსტიტუციაში ცალსახადაა ნათქვამი,რომ ეკლესია თავისუფალია გადასახადებისაგან.ერთადერთი,რაც ეკლესიას შეიძლება დაეკისროს,ლოცვაა.წარმართები იმდენად მორწმუნენი იყვნენ,ლოცვისა და ცრემლის უფრო სჯეროდათ,ვიდრე ხალხისთვის წართმეული ფულისა.ჩვენ ნებაყოფლობით ვიხდით გადასახადებს და მიუხედავად ამისა,ცდილობენ,ის მეტად გაგვიზარდონ.არა ნაკლები ზიანი მოაქვს ჩვენი უფლებების დარღვევას,რასაც ჩვენს წინააღმდეგ სასამართლო სჩადის.ღმერთის მიერ ბოძებული უფლებები შეზღუდულია და არ შეგვიძლია მათი შეცვლა.(ავტორი გენია.ჯი)
საჭიროა აღინიშნოს,რომ ქალკედონიის ტაძარი ერთი უპირველესია მსოფლიოს ოთხ ტაძარს შორის,რომელსაც გალიკანური ეკლესია დაემორჩილა.მეორე ტაძარი კართაგენშია,რომელსაც წმინდა ავგუსტინე – ეკლესიის კაშკაშა ვარსკვლავი,ეზიარა.პირველი ტაძარი მაკონაშია,რომელმაც საფრანგეთში დაიმკვიდრა ადგილი,ხოლო მესამე ტოლედოში,სადაც უკვე VI საუკუნეში იყრიდნენ თავს მლოცველები.მაშ რატომ უკრძალავენ ხალხს პატივი მიაგოს ეკლესიის მსახურებს,თუ ყველა ქრისტიანი მონარქი წმინდა საქმედ მიიჩნევდა მღვდელმსახურებას,დიდ იმპერატორ კონსტანტინეს კი ეპისკოპოსთა დაპირისპირების ამბის გაგონებაც არ სურდა.ხოლო შარლემანმა თავისი ორი ედიქტით ეკლესიისათვის შეღავათი დააწესა.
სასულიერო ხელისუფლება დიდად განსხვავდება საეროსგან.ეკლესიის ხელყოფა და სასამართლოს მიერ ეპისკოპოსების ღირსების უგულებელყოფა დიდი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რწმენასა და ეკლესიას რაც შეეხება,მისი განკითხვის უფლება მხოლოდ მღვდელმსახურებს აქვთ,ასე ამბობს წმინდა ამბროჯიო.ამიტომაც ის კიცხავს ზოგიერთ მღვდელს,როცა ის სადავო საკითხის გადასაჭრელად მიმართავს საერო ხელისუფლებას,საეკლესიო სასამართლოს ნაცვლად.(ავტორი გენია.ჯი)
ეკლესია თავისი არსებობის პირველ საუკუნეებში,იმდენად სრულად ახორციელებდა მოვალეობას,რომ დიდი წმინდანი მარტინი – საფრანგეთის განუყოფელი სიამაყე,იმპერატორ მაქსიმესთან საუბრისას კატეგორიულად აცხადებდა,რომ ეკლესიის განსჯა საერო პირისთვის ახალი და გაუგონარი დანაშაულია.
კარგი იმპერატორები და მეფეები ყოველთვის ესწრაფოდნენ,მხარში ამოდგომოდნენ და მომსახურებოდნენ ციური იმპერიის წმინდა მეუღლეს; თქვენო უდიდებულესობავ,უნდა აღინიშნოს,რომ სუვერენები ყოველთვის ემორჩილებიან ეკლესიას,სინდისის თუ სახელმწიფო ინტერესების გამო.წმინდა ადგილების პროფანციით,ეკლესიების უზურპაციით გამოწვეულმა მწუხარებამ და სევდამ მაიძულა,ხმა ამემაღლებინა მსგავსი მკრეხელობების წინააღმდეგ.
იესო ქრისტემ ქვეყნიერების აღსასრულის მომსაწავებლად,დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით,მორწმუნეთა შორის გულგატეხილობა დაასახელა; ჩვენ საფრთხე გველის ეკლესიაში დაბუდებული უიმედობის გამო,რაც ყოველწუთიერად იგრძნობა,გვეშინია,მონარქიის აღსასრული არ გვეუწყოს!
რა გულსატკენია,სადაც ჭეშმარიტებას უნდა ქადაგებდნენ,იქ სიცრუეს ავრცელებენ,რომ თითქოს თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნები,ბეარნის მსგავსად,მოუსვენრობამ მოიცვა,ეკლესიები რწმენას არ ქადაგებენ და სხვა საქმეს ემსახურებიან.
გული მტკივა,რომ წმინდა ადგილები წაბილწულია მსგავსი ქმედებით; თმა ყალყზე მიდგება,შიში მიპყრობს,ხმა მიკრთება,როცა ასეთ სასტიკ დანაშაულზე ვლაპარაკობ.მსგავსი რამ შეიძლება რომელიმე ველურ ქვეყანაში მომხდარიყო.
მაგრამ ეს ხომ საფრანგეთია,ქვეყანა,სადაც ურჩხულები არ ბინადრობენ და ასეთ საშინელებას არ სჩადიან; როცა ამაზე ვლაპარაკობ,ფერს ვკარგავ და ვცახცახებ.ო,ზეციურო ძალა,რად არ გვისკდება მიწა,რომ დაბადებისთანავე შთანთქას ისინი! თქვენს სამეფოში,მშვიდობიანობის დროს სატანჯველს მიეცა წმინდა სხეული,ჩვენი სულის და ხორცის მხსნელი – სხეული უდიდესი ღმერთისა,რომელიც საკუთარი ნებით მიენდო ჯვარცმას,რათა ჩვენ გავტოლებოდით მის დიდებას.”(ავტორი გენია.ჯი)
“სულ რამდენიმე დღეა,რაც ეს მოხდა და მე უფლება არა მაქვს გავჩუმდე.თუ გავჩუმდები,ღვთის წინაშე შევცოდავ და საშინელი მკრეხელობის მონაწილე გავხდები.
სირცხვილით ვიწვით და სინდისი გვქენჯნის,რადგან მოსულებმა წაბილწეს წმინდანთა მიერ ნაკურთხი ადგილები – უნდა გვეშინოდეს სასტიკი სასჯელის.
ოდესღაც ანგელოზთა კუთვნილი პური ზოგიერთებმა ძაღლებს გადაუყარეს და ისინი იმავე ძაღლებმა დაგლიჯეს.დაე ურჩხულები,რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საკვები უარეს მხეცებს გადაუყარეს,თავად გახდნენ ამისი მსხვერპლნი.დაე იცოდნენ,თუ დღეს არ დაისაჯნენ და ფერფლად არ იქცნენ,მოვა მათი დრო; ჯოჯოხეთის ცეცხლი შთანთქავს და წარმოუდგენელ სატანჯველს მოუვლენს თითოეულს.
მე მხოლოდ იმ ადამიანებზე ვლაპარაკობ,თქვენო უდიდებულესობავ,ვინც მსგავსი ბარბაროსობა ჩაიდინა,მათი კი,ვინც შეცდომაში შეიყვანეს,ანდა მშვიდობიანად ცხოვრობენ და თქვენ ძალაუფლებას ემორჩილებიან,ეკლესიისკენ შემობრუნება გვინდა ჩვენი მაგალითით,ცოდნით და ლოცვით – ერთადერთი იარაღით,რომელიც ხელთ გვიპყრია.
აი,ჩემო ბატონო,ის,რაც შეეეხება ჩვენ უბედობას და გულისტკივილს.თქვენთვის მომინდვია ყოველივეს განსჯა.ვეცადე,მოკლედ მომეხსენებინა ჩემი მოსაზრება,ზედმეტად რომ არ შემეწუხებინეთ და მინდა,ჩემ შემდეგ გამომსვლელებსაც დავუტოვო სათქმელი მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე,რაც ასევე ეკლესიის პრობლემებს შეეხება და ამით სურათი უფრო სრულად წარმოგიდგებათ.გვინდა,ავლაგმოთ ის სიმახინჯე,რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.თქვენო უდიდებულესობავ,არ შეიძლება ამ საკითხების იგნორირება,რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის და მთელი ქვეყნისათვის; რელიგია და რწმენა სახელმწიფოს აყვავების მთავარი საყრდენია.ხოლო წმინდა სიმბოლოების უპატივცემულობა – მისი აღსასრული.ღმერთი საფრთხეს უქმნის მათ,ვინც არ ემოჩილება მის კანონებს და წმინდა მცნებეს.აღმოსავლეთის იმპერიის დაცემა,გალიის ნანგრევები,მრავალი ქვეყნის აღგვა პირისაგან მიწისა,სწორედ ამის შედეგია.საფრანგეთის წარსული,როცა პირველი სამეფო დინასტიები მართავდნენ მას,ადასტურებს ჩემს ნათქვამს. (ავტორი გენია.ჯი)
ავადმყოფს ის წამალი ხელმეორედ არ უნდა დაენიშნოს,რომელმაც ვერ უშველა,გემუდარებით,შეცვალეთ გეზი,ახალი ორდონანსების გამოშვების ნაცვლად,ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები,რაც წმინდა წერილის უარყოფაში გამოიხატა.მაშ,დავამტკიცოთ ფრანგების გამბედაობა,გამოვიჩინოთ გონიერება,ვაღიაროთ შეცდომები და ჩვენი უპირატესობა წარმოვაჩინოთ.რატომღაც ხშირად საფრანგეთზე იგივეს ამბობენ,რაც ძველ ათენზე თქმულა: “მათ ბევრი კარგი რამ იციან,მაგრამ ცხოვრებაში არ იყენებენ”.
თქვენო ბრწყინვალებავ,ერთგულად ასრულებთ რა წინაპრების დანაბარებს,შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ის თქვენი სამაგალითო ქმედებებით და სამეფოში ყველა ფენის მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეცვალოთ,რაც არსებული კანონების დაცვით და ახლის შექმნით აღსრულდება.
თუ ეს განხორციელდება,ყველა საქმე საიმედოდ წარიმართება.აღზევდება გონიერება,მართლმსაჯულება კვლავ სამართლიანი გახდება,ოჯახებში ბოლო მოეღება ძალადობას და ქვეყანას მოეხსნება თავს მოხვეული წლიური გადასახადი.აიკრძალება თანამდებობების გაყიდვა,რაც მმართველობის სისტემაში ძალადობას იწვევს.ყველას დამსახურების მიხედვით მიეზღვება; სიბოროტე დაისჯება,სიკეთე დაჯილდოვდება; ლიტერატურა და ხელოვნება აყვავდება; ხოლო სახელმწიფოს ჭეშმარიტი ძარღვი – ფინანსები,ეკონომიურად განაწილდება,გასავალი შემცირდება,პენსიონები შეიკვეცება დიდი ანრის მიერ დაწესებულ ნორმამდე.ამ შემთხვევაში მისი სიბრძნე ყურადსაღებია,რადგან შემოსავაკლზე მეტის გაცემა აღარიბებს უმეტესობას და მცირე ჯგუფის გამდიდრებას იწვევს.
რელიგია კვლავ აღზევდება.ისინი,ვისაც ხალხში მისი დანერგვა ევალება,მომავალში კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ მინდობილ სულებზე.მართალია,წარსულში ისინი თავიანთ მოვალეობას ყოველთვის კეთილსინდისიერად არ ასრულებდნენ და ეკლესიას ზიანს აყენებდნენ,მის სახელს არცხვენდნენ – სინდისი ჰქონდათ დაკარგული.მაგრამ ახლა,როცა ეკლესიამ დაიბრუინა ავტორიტეტი,ქონება და ღირსება,ის კვლავ გაბრწყინდება.ყოველგვარი ეშმაკისეული,საიდუმლო,ჭუჭყი და ცოდვა განიდევნება და იქ მხოლოდ სიკეთე დაისადგურებს.” (ავტორი გენია.ჯი)
“დიდებულები დაიბრუნებენ უფლებებს და ღირსებას,რაც თავიანთი საქმიანობით დაიმსახურეს.დუელების აკრძალვის შემდეგ სისხლი (რომლის გაღებაზე ღმერთის,მეფის და სამშობლოსთვის უარს არასდროს ამბობენ) ტყუილუბრალოდ აღარ დაიღვრება და სულის ხსნა უფრო ადვილი იქნება.თავადიშვილებს ხელს აღარაფერი შეუშლის,საკუთარი ქმედება იესო ქრისტეს თავგანწირვის ზეობას გაუთანაბრონ.
ხალხი აღარ იქნება დათრგუნვილი,რაც მოხელეთა უსინდისო საქციელმა გამოიწვია,დაცული იქნება ამა ქვეყნის ძლიერთა შეყრაცხყოფისაგან.ერთი სიტყვით,საფრანგეთი ძველ დიდებას აღიდგენს.სამართლიანობა გარდაქმნას გააადვილებს და თქვენს აღმატებულებას დიდებას შესძენს.(ავტორი გენია.ჯი)
ამის განხორციელება რთული არ იქნება,რადგან სასიკეთო საქმის აღსრულებისას მეფეებს ღმერთი ეხმარებათ.სამართლიანიც იქნება,რადგან გონიერება და პატიოსნება მოითხოვს,რომ ნებისმიერი დაუსრულებელი საქმე მოწესრიგდეს.ყოველივე ეს აუცილებელია,სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს დღეგრძელობა: მძიმე სენით დაავადებული სხეულის მსგავსად,განწმენდის გარეშე ის ვერ გადარჩება.
სამაგალითო იქნება თქვენი ქმედება იოსიასის მსგავსად,რომელმაც მეფობის დასაწყისშივე ისეთ დიდებას მიაღწია,რომლის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. და რა ბრწყინვალე სახელს მოიხვეჭთ თქვენ,ჩემო ბატონო,სრულწლოვანების დადგომისას,თუ ღმერთს განადიდებთ,აღადგენთ ეკლესიებს,დაუბრუნებთ სიცოცხლეს უკვდავ ტაძრებს.ერთი სიტყვით,თქვენ ააღორძინებთ ქვეყანას.
დიდება ნემსს მოგვაგონებს,რომელიც კეთილმოსურნეებს მტკივნეულად ჩხვლეტს.ეჭვგარეშეა,თქვენ შეძლებთ სახელოვანი რეფორმების გატარებას.ჩვენ მოწმე ვართ თქვენი სიკეთის,ღვთისმოსავობის,ქვეშევრდომთა სიყვარულის.ყოველივე ეს იმედს გვმატებს,როცა ქვეყნის სადავეები,თქვენს სრულწლოვანებამდე დედა-დედოფალს რომ უპყრია,თქვენ ხელთ იქნება,კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებთ,რომ ასაკთან შედარებით გასაოცრად ჭკვიანი და წინდახედული ბრძანდებით.ამბობენ,ზოგჯერ ინდოეთში ბავშვები გაჭაღავებულნი ანუ დაბრძენებულნი იბადებიან და ეს სწორედ თქვენზე შეიძლება,ითქვას.დიდი სამეფოს ხელისუფალს ბევრის სირთულე ხვდება ყოველდღიურ საქმიანობასა და ადამიანურ ყოფასთან ჭიდილში.ქვეყნის მართვა მეცნიერებაა,რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოდის.ბედნიერია მეფე,რომელიც ღმერთმა მოსიყვარულე დედით დააჯილდოვა.მას შეუძლია,წარმართოს შვილის საქმიანობა და იზრუნოს მის სახელმწიფოზე.
ზეცამ ურიცხვი სიკეთე დაგაბერტყათ და მათ შორის ყველაზე დიდი დედათქვენია; დედოფლის საქმიანობიდან განსაკუთრებით ღირსეული და სასახელოა ქვეყნის სწორი გზით წარმართვა.
დარწმუნებული ვარ,გჯერათ ბედნიერი გარემოების,დედოფალმა ხომ თქვენი ყმაწვილკაცობის დროს ღირსეულად შეძლო სახელმწიფოს მართვა,სწორად წარმართა ხომალდის საჭე უამრავ რიფსა და ტალღას შორის,რათა მშვიდობიანი ნავსაყუდელი შეემზადებინა თქვენი სრულწლოვანებისათვის.
მთელი საფრანგეთი თქვენი მადლიერია,დედოფალო, და მზადაა პატივი მოგაგოთ გარდასული დროის მშვიდობის და სიმშვიდის საფასურად.
ქვეყანა თქვენ წინაშე ქედს იხრის არა მარტო იმიტომ,რომ შეგვინარჩუნეთ დიდი მეფე ანრის მოპოვებული მშვიდობა,არამედ იმიტომაც,რომ ყველაზე სათუთი და ძლიერი ძაფით – ორმაგი ქორწინებით დააკავშირეთ მსოფლიოს ორი უდიდესი სახელმწიფო.
ბევრი რა შეძელით,მაგრამ არ ღირს მიღწეულზე შეჩერება: თუ დიდების გზაზე წინსვლასა და გამარჯვებას არ გააგრძელებთ,რაც დამარცხებას უდრის.იმედს გამოვთქვამთ,რომ ასეთი წარმატების შემდეგ,ისურვებთ თავად იხილოთ ასამბლეაზე მიღწეული შედეგი.უსაზღვრო მადლიერება და ლოცვა-კურთხევა მინდა გამოვხატო მეფის მიმართ,რადგან მან თქვენ მოგანდოთ ქვეყნის მართვა.ასევე თქვენ მიმართ,ასე ღირსეულად რომ გაუძეხით ქვეყანას და უმორჩილესად ვთხოვთ მის უდიდებულესობას,გაგაგრძელებინოთ ხელმძღვანელობა.თქვენი საქმიანობა სამეფო გვირგვინს დიდებას მატებს და უდიდესი ჯილდო იქნება,როცა დედის წოდებას,მისი სამეფო უდიდებულესობის დედის სახელი შეემატება,რამეთუ შთამომავლობა თქვენი ხსენებისას სამშობლოზე ზრუნვის სიმბოლოდ მიგიჩნევთ”. (ავტორი გენია.ჯი)