ჯანსუღ ჩარკვიანი – “ლამაზი სიკვდილი”
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
***
როცა კვირტები აფეთქდებიან,
მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.
***
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
***
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოთა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
***
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, -
შევხედავ ზეცას ნატვრის თვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
***
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა.
გავდიადდები,
გავსულელდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
***
დავდგები ცერზე როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.