ირაკლი აბაშიძე – “დაგვტოვეთ მარტო”
დაგვტოვეთ მარტო!
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგვტოვეთ მარტო -
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
მე ცამდე სავსე
ათას დრამით,ათას ქარიშხლით,
ყველა ქარიშხლის,
ყველა დრამის
სუნთქვით მცნობელი…
ერთი რამ სიტყვაც,
ერთიც დამრჩა
მე ანგარიში -
დაგვტოვეთ მარტო
მე და ჩვენი წუთისოფელი.
მე მისი ჯიში,
სისხლი მისი
და მისიანი,
მე ხმა შენდობის
ხმა იმედის
ხმა დამშვიდების;
ქება-დიდებით მე ვავსებდი
ამ დიდ მზიანეთს,
სხვა რამ არ მითქვამს
გარდა
ქება-დიდების.
ახლა დავკეცოთ,
ახლა დავდოთ,
ახლა დავხუროთ
რაც რამ დამთავრდა,
რაც რამ გაქრა,
რაც რამ დანაცრდა…
უშუამავლოდ,უმსაჯულოდ,
უმეთვალყუროდ
დამტოვეთ მარტო
მე ამ დღესთან,ამ ქვეყანასთან…