ალბერტ შპეერის წიგნიდან – “მოგონებები”
ბერთოლდ კონრად ჰერმან ალბრეტ შპეერი (1905-1981 წლები) – წარმოადგენდა მესამე რაიხის შეიარაღების მინისტრს და გერმანელ არქიტექტორს, რომელსაც “მესამე რაიხის პირველ არქიტექტორად” მოიხსენიებენ დღემდე. იგი ადოლფ ჰიტლერის უახლოეს გარემოცვის წევრი იყო და შესაბამისად, მის შესახებ უამრავ ინფორმაციასაც ფლობდა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შპეერი დაკავებულ და გასამართლებულ იქნა ნიურნბერგის ცნობილ სასამართლო პროცესზე. 1946 წლის 1 ოქტომბერს სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად სხვა მსჯავრდებული ფაშისტებისაგან განსხვავებით 20 წლის ვადით აღეკვეთა თავისუფლება. შპეერმა ბრანდაუს სამხედრო ციხეში 20 წელიწადი გაატარა და 1966 წელს, სრული სასჯელის მოხდის შემდეგ განთავისუფლდა. თავისუფლებაზე მყოფმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით “მოგონებები”, სადაც აღწერილია მესამე რაიხის რეჟიმის ინტიმური დეტალები და აშკარად არის ახდილი ნიღაბი ამ რეჟიმის გამხრწნელ მორალსა და დანაშაულებრივ ენერგეტიკაზე. მის მიერ დაწერილი წიგნი მალევე იქცა ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე პოპულარულ წიგნად და მესამე რაიხის თემაზე დაწერილი მემუარული ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული წიგნის შესავალი ავტორმა ფრიად საინტერესო განმარტებებით დაიწყო:
“ახლა მემუარებს წერთ?” – მკითხა პირველივე ამერიკელმა, რომელსაც 1945 წლის მაისსი ფლენსბურგში შევხვდი. ამასობაში 24 წელმა განვლო, რომელთაგან 21 წელიწადი ციხეში გავატარე. ეს დიდი დროა.
ამჟამად მემუარები დავასრულე და მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს. მე შევეცადე, ისე ამესახა წარსული, როგორც განვიცადე. შეიძლება, ზოგან ფაქტები დამახინჯებული მოგეჩვენოთ. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩემი ხედვის პერსპექტივა არასწორია. იქნებ, ასეც არის, ან იქნებ – არა: მე ავსახე ყოველივე იმგვარად, როგორც დავინახე და როგორც ამას დღევანდელი გადასახედიდან ვაფასებ.ვცდილობ, არ გავექცე წარსულს; არც იმ წლების მომხიბვლელობას და არც მათ სასინელებას გავურბივარ. თანამონაწილეები, ალბათ, გამაკრიტიკებენ, და ეს გარდაუვალია, რადგან მე სიმართლე არ დამიმალავს.
ამ მოგონებებმა უნდა ნათელყონ ის წინაპირობები, რომელთაც მიგვიყვანეს იმ კატასტროფამდე, რითაც ის ერა დასრულდა. მინდოდა ცხადი გამეხადა, რა შედეგებამდე მივყავართ იმ გარემოებას, როდესაც ერთი ადამიანის ხელშია გაუკონტროლებელი ძალაუფლება; მინდოდა, ისიც გამხდარიყო ნათელი, როგორი სულიერი ორგანიზაციის ადამიანი იყო ეს პიროვნება (ჰიტლერი). ნიურნბერგში სასამართლოზე განვაცხადე: “ჰიტლერს რომ მეგობრები ჰყოლოდა, მე მისი მეგობარი ვიქნებოდი!” მას ვუმადლი ჩემი ახალგაზრდობის წლების აღმაფრენასა და დიდებას ისევე, როგორც მოგვიანებით – ჩემს შეძრწუნებასა და დანაშაულს.
ჰიტლერის დახასიათებისას ჩანს ჩემი სიმპათიები ამ თუ იმ თვისებების მიმართ. შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილებებიც კი შეექმნას მკითხველს, რომ მე მისი ყურმოჭრილი მონა ვიყავი. მაგრამ რაც უფრო მეტს ვწერდი, მით უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ მე მხოლოდ მისი ზედაპირული თვისებები მხიბლავდა.
ამგვარ შთაბეჭდილებებს უპირისპირდება ის დაუვიწყარი გამოცდილება, რომელსაც ნიურნბერგის პროცესი ჰქვია. არასოდეს დამავიწყდება ერთი დოკუმენტი – ფოტო, რომელზეც ნაჩვენები იყო სასიკვდილოდ განწირული ებრაული ოჯახი: მამა, დედა და შვილები სიკვდილისათვის ემზადებიან! ეს სურათი დღესაც თვალწინ მიდგას.
ნიურნბერგში მე ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სამხედრო ტრიბუნალის საბრალდებო დასკვნა (რაოდენ ამომწურავადაც არ უნდა აესახა მას ისტორია) ცდილობდა, მოეძებნა დანაშაულის სწორი ფორმულირება. (ავტორი გენია.ჯი) სასამართლოს განაჩენმა დროთა განმავლობაში ძალა დაკარგა, რადგან ის სულ უფრო ნაკლებად კომპეტენტური ხდებოდა ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის შეფასებაში. განაჩენმა წერტილი დაუსვა ჩემს მოქალაქეობრივ არსებობას. იმ სურათმა კი ჩემს სიცოცხლეს გამოაცალა არსი; მან გაუძლო დროს,განაჩენმა კი – ვერა”. – (ავტორი გენია.ჯი)