გოდერძი ჩოხელი – “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია”

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,

მე თუნდა არ ვთქვა,მთები გეტყვიან,

რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.

***

ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,

ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,

საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,

როგორც უღელში ნაბამი ხარი.

***

დავალაჯუნებ დედამიწაზე,

ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,

სადღაც მივდივარ,გზა მიდევს შორი,

წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.

***

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი…