გალაკტიონ ტაბიძე – “არიან დღენი”
არიან დღენი,ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,
ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.
შენ გენატრება მოკლულებით ფენილი ტევრი,
შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტერი,
ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი,
არიან დღენი,საუკუნოდ უფრორე მძლენი.
ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთავი ქვევრი,
აფეთქებანი,შეკივლება,ძახილი,ბევრნი
არიან დღენი.
არიან დღენი… ცეცხლისა და მახვილის კევრი,
ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი;
იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა,შედევრი.
არიან დღენი.