მუხრან მაჭავარიანი – “ვითარცა მტკვარი”
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას სციოდა, _
და
დრო
გადიოდა.
***
ვითარცა ღვინო _
ქვევრიდან
ხაპში _
ხაპიდან
დოქში _
დოქიდან
ჯამში _
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში.
***
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა _
***
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი.
***
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ.
და…
მიუხედავად ამისა,
მაინც _
***
გამოიარა რუსთველის გული,
გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული,
გამოიარა სულხანის გული…
***
და დღეს _
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს _
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს _
სულქანის ნაქონი სისხლით,
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!