კობა გავაშელი – “ყრუ-ბრმათა ბალეტი”
ბრმა ცეკვას არჩევდა,ყრუ კი მუსიკას,
ვიღაცა მესამე შედეგს უცდიდა,
უცქირა,უსმინა,ორივე აქო,
ბრმას – ცეკვის,ყრუს დაკვრის უფლება დართო.
გაეწყო ორკესტრი,გაიხსნა ფარდა,
ყრუ დირიჟორი კვარცხლბეკზე დადგა,
დაუკრეს მუსიკა არეულ შეშლილთა,
ბრმა ქორეოგრაფი სცენაზე შეფრინდა.
სცენიდან დარბაზში ზღვა ხალხში შეხტა,
შემდეგ კი დირიჟორს კბილებში ხეთქა,
შეიქნა ჩხუბი,ლანძღვა-გინება,
მესამემ შუაში ჩადგომა ინება.
ყველა განაბა არ დაახანა,
ბალეტის თავიდან დაწყება ბრძანა,
უკრავენ,ცეკვავენ,შურით და ქიშპით,
დარბაზი გასუსულა მესამეს შიშით.
ინგრევა თეატრი ნაშენი ტანჯვით,
იმ ჩხუბის მიზეზით,ვერ თქმითა ან არ თქმით,
ყრუ-ბრმათა ბალეტის ცნობილი დასით,
მუნჯ მატურებელ საცოდავ ხალხით.
ხმაურობს სცენა დამპი და დიმპი,
მოდი და მოდი,მიდი და მიდი,
წუთისოფელი მიდის და მიდის…