თამუნა ბაღდავაძე – “საქართველოს”

ჩემს გულში ახლა ორივე ცოცხლობს

შენი აწმყოც და შენი წარსულიც

მე მეშინია ზოგჯერ იმისი,

რომ გამაგიჟებს ეს სიყვარული.

***

ახლა მე მესმის რა სწვავდა ტატოს,

რას წუხდა მაშინ გალაკტიონი..,

რაზე ფიქრობდა იმ ღამეს ლადო

მის სალაღობო წერით გართული…

***

შევხედავ ზეცას ჩემს გულივით დამწვარ-დადაგულს,

ზეცას,ჩამავალს მზის სხივებით ნაზად ანთებულს.

გავყვები ღრუბლებს გავიქცევი მათთან წარსულში,

და შთავინთქები მათთან ერთად დროის ალმურში…

***

მე დავინახავ შორს ოშკს,ალავერდს,

მე გადავუფრენ მტკვარს,ლიახვს… არგვეთს,

მე დავინახავ მაღლიდან კახეთს,

და გადავუფრენ შხარას და ყაზბეგს.

***

მე გადავუფრენ გელათს – საოცარს,

და რუსთაველის ვეფხისტყაოსანს,

მე გავაცოცხლებ წარსულს,გასულ წლებს..,

მე დღემდე მხოლოდ შენით ვსულდგმულებ…

***

მე დავძლევ მანძილს,სივრცეს და ჰაერს,

რომელიც შენთან სულ მაცალკავებს,

რომელიც შენს თავს მე მუდამ მართმევს

და შენთან ყოფნის იმედსღა მაძლევს.

***

მძიმე წარსული ჩამწვდა სულამდე,

წარსულ დიდებას მეტეხი გლოვობს.

გეტრფი სიცოცხლის ბოლო წუთამდე,

ამ სიყვარულით მოვკვდები ბოლოს.