დანიელ ხახიაშვილი – “წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე”
წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე,
წუხელ სოხუმში ვიყავი თითქოს,
ვაიმე, ვისაც კი დავუძახე
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო…
***
ხმამაღლა ვეძახდი ჩემს სიჭაბუკეს,
არავინ ისმენდა ჩემს გულწრფელ ძახილს,
მერცხალს დანგრეოდა ერდოზე ბუდე,
ხარივით ბღაოდა ჩემი ეს სახლი…
***
ჭიშკარს მივაწექი და ვერ გავაღე
უნდობლად მიცქერდა ეზო,
ცრემლი მორეოდა სისხლისფერ ვარდებს
ასე უბრალოდ და უმიზეზოდ…
***
სიცხისგან ენა მიხმებოდა,
ეზოში მღეროდა წყარო,
გოგონა გამოვიდა – ჭიქა მომაწოდა,
წყალი მიირთვიო უცნობო მგზავრო…
***
ჭიქაში ლაჟვარდ ცეკვავდა ლურჯი
შუბლს ხსნიდა ამაყი ოდა,
სურათი თუ გაცოცხლდა – ვფიქრობდი გულში,
ოდის სურათი უბეში მქონდა…
***
მდინარე რაშავდას მღეროდა ისევ
და მზე უკოცნიდა ფაფარს,
ჭიშკარდაკეტილ ეზოსთან ვიდექ
დუმილით გავცქეროდი მთა-ბარს…
***
რა ახლოს იყო ჩემი ნააკვნარი,
ჩემი სიყვარული და ტკბილი ნანა,
რატომ არ იღება ჩემი სახლის კარი?!
ნუთუ ვეღარ მიცნეს განა?!
***
ნუთუ აფხაზეთმა, ცრემლი რომ მადინა
არ კმარა თვალებს რომ გამკრა ბინდი,
შენ ხომ ვაჟკაცი ხარ ჩემო აფხაზეთო
სიზმრად ერთი წუთით მაინც შემირიგდი…
***
ისევ შემირიგდი, თქვენიანი მქვია
ხმამაღლა გავძახე სახლსა და მინდორს,
მაგრამ ეს ძახილი არავის შეუტყვია,
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო…
***
მერე ავტირდი და თავში წავიშინე,
სულ ჩამოვიხოკე სახე,
ასე მე ბევრჯერ დავიძინე და
სიზმარში აფხაზეთი ვნახე!..
P.S. აღნიშნული ლექსის თავდაპირველი ვერსია დაწერილი იქნა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში – რაჭაში ოდესღაც მაცხოვრებელი ებრაელი პოეტის – დანიელ ხახიაშვილის მიერ. საქართველოდან ისრაელში წასულს რაჭის უზომო მონატრებით დაუწერია ეს ძვირფასი სიტყვები, რომელიც შემდგომ მავანს აქვს გადაკეთებული. – (ავტორი გენია.ჯი)