ლუარა გორდიევიჩი – „ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს”…
„ბუნებაში შექმნილი მშვენიერება შემოქმედის, უფლის ნების გამოვლინებაა. ბუნების იდუმალებაში წვდომა ღვთის იდუმალების წვდომაა. ყველას როდი ძალუძს იგი, ასეთი რამ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ყური მივუგდოთ ჩვენი დიდი წინაპრების ხმას: „ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს, მის ფერთუთვალავს შვენებას” (გრიგოლ ორბელიანი) და – „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” (შოთა რუსთაველი).
ვაჟა-ფშაველა ბუნების სწორუპოვარ მგოსნად არის აღიარებული და სავსებით მართებულადაც – ვაჟასებურად ვერ ერთი პოეტი თუ პროზაიკოსი ვერ ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას, მის სიღრმეს, სიმშვენიერეს და ვერ შექმნა ასეთი ამაღლებული ტილოები ამ თემაზე.
აი, რას შთაგვაგონებს ვაჟა-ფშაველა – „მგოსანი მაღალი მთისა”:
„გარეშე ბუნებისა და ადამიანთა ცხოვრებისა არ არსებობს პოეზია. ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდაც ლექსებს არ წერდეს, მაინც პოეტია”.
ბუნება „კაცის თვალის მოსატაცად” კი არ შეუქმნია ოდენ განგებას, ზენაარს, არამედ, ამასთან ერთად, რაც მთავარია – ჩვენი, ადამიანთა თუ სხვა სულდგმულთა, რსებობისთვისაც, ყველას ჯანმრთელობის მსახურადაც. ამ მაცოცხლებელ წყაროს მოვლა, მოფრთხილება, დაცვა სჭირდება, თორემ უამისოდ იგი წახდება, დაავადდება, დაიშრიტება; უფრო მეტიც – ჩვენდა „მტრად” გადაიქცევა, დაგვშხამავს, უკურნებელ სნებას შეგვყრის…
რა თქმა უნდა, ბუნება უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ დაუშვებელია მასზე ძალმომრეობა, რაც იწვევს სტიქიურ უბედურებებს.
თუ ტყეებს გავჩეხავთ, უჟანგბადოდ დავრჩებით და ჩვენს არსებობას საფრთხე დაემუქრება…
თბილისის ცენტრალურ არქივში უამრავი ფასდაუდებელი დოკუმენტი ინახება. თუ იგი წარსულის გაუმჭირვალე მტვრით იბინდება, აუცილებლად ხელახლა უნდა წარმოვაჩინოთ, გამოვამზეუროთ და ხელახლა დავუბრუნოთ ხალხს, მის ნამდვილ პატრონს
არქივში დაცულია ჩვენი შესანიშნავი პოეტის – მორის ფოცხიშვილის ერთ-ერთ შეკრებაზე (1984 წელს) წარმოთქმული მეტად მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი სიტყვა „ბუნებრივი გარემოს დაცვის შესახებ”. ეს არის დიდი პატრიოტისა და დიდი ადამიანის ხმამაღალი შეძახილი მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე – „იცოდეს ქვეყანამ ის, რომ, რაც მსოფლიოს სტკივა, თბილისსაც სტკივა,” – გვაფრთხილებს პოეტი.
ბუნების თავდავიწყებამდე სიყვარულმა და მოსალოდნელი კატასტროფის საშიშროებამ ათქმევინა ბატონ მორისს თავისი პოეზიის თაყვანისმცემლებისათვის დაუჯერებელი სიტყვები: ლექსების წერას თავი დავანებე და ხეებსა ვრგავო”. (ავტორი გენია.ჯი)