ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიიდან…
“წამოი გოგო ჩემსას”…
“ქალბატონი ნანული გუგუნავა,გენიალური ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მეუღლე გახლდათ.სანამ შეუღლდებოდნენ,უახლოეს მეგობრებად მიიჩნეოდნენ და, ალბათ,ვერც ერთმა ვერ იგრძნო,როგორ გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში.თუმცა სიყვარულში ვეღარ უტყდებოდნენ ერთმანეთს.არადა,ყველაფერი ცხადი იყო: ნანული უნივერსიტეტში მიდიოდა და ნოდარი მოაჯირზე ჩამოყრდნობილი ელოდებოდა,ლექციებიდან გამოდიოდა და ნოდარიც იქვე იდგა,ფოიეში… ვინ იცის,კიდევ რამდენ ხანს ივლიდნენ ასე,რომ არა ერთი შემთხვევა: ნანულიმდე ხმა მივიდა,ნოდარს ერთი გოგო უყვარს,მაგრამ ნანულის გამო ვერ მოჰყავსო… გაბრაზდა,ცხელ გულზე მივიდა ქალბატონი ნანული ნოდართან და უთხრა,შენ თუ ვინმე გიყვარს,მე რა შუაში ვარ,მე რატომ მახსენებს ეს ხალხი,ადექი და მოიყვანეო.ნოდარმა ალმაცერად შეხედა და ჰკითხა:
- შენ მე არ გიყვარვარ?
- არა… ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი.
- შენ თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი,რომ მიყვარხარ,არ ყოფილა შენი საშველი.ახლა შენ მითხარი…
- შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი,რომ მეც მიყვარხარ,არც შენი საშველი ყოფილა მაშინ…
- აბა,ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი,გოგო,ჩემსას”…
“ისინი კი მასწავლიდნენ,მაგრამ”…
“ნოდარ დუმბაძეს მწერალთა კავშირის თავჯდომარეობის დროს,სტუმრად ეწვია ამერიკელი მწერალი.იგი პირდაპირ ინგლისურად მიესალმა კოლეგას.
- უთხარით,რომ მე სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი,ამიტომ ინგლისური არ ვიცი, – უთხრა ნოდარმა თარჯიმანს.ამერიკელს უთარგმნეს თუ არა ეს,იმ წუთში გერმანულად ალაპარაკდა.
თარჯიმანმა ნოდარს შეხედა.მან კეთილად გაუღიმა.
- ისიც უთხარი,ისინი კი მასწავლიდნენ გერმანულს,მაგრამ მე არ ვსწავლობდი-თქო”…
“ჩემი რომაა,ძამა,ქე ვიცი”…
“ერთხელ ნოდარ დუმბაძის მეუღლისათვის კონსილიუმი მოიწვიეს ექიმებმა.კონსილიუმის შემდეგ სხვადასხვა ექიმები რიგრიგობით მიდიან ნოდართან და ეუბნებიან:
- ეს ჩემი ავადმყოფი არ არის… ეს ჩემი ავადმყოფი არ არის…
- ავადმყოფი რომ ჩემია,მეც ქე ვიცი,ძამა,რა სჭირს,ის მითხარით თქვენ”…
“ნოდარ დუმბაძის გენიალური პასუხი”…
“ერთხელ ერთმა,დიახაც,სიტყვის კარგმა ოსტატმა,ცნობილმა მწერალმა უსაყვედურა ნოდარს: დათიკო ბრიგადირი რატომ არ მოკალიო.ბოროტება უნდა დაისაჯოსო (ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოების “მე ვხედავ მზეს” ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი).
ნოდარმა გაოცებულმა შეხედა მოსაუბრეს და უპასუხა:
ვინ თქვა,რომ თოფის სროლაა ყველაზე უმაღლესი სასჯელი.
მაშ რაღაა მონანიე სულის მუდმივი ქენჯვნა? როცა არსითაა ხსნა,სული აწყდება გამოუვალი საკნის კედლებს და ვერა და ვერ პოულობს შვებას.აქ ხომ სიკვდილი ხსნა იქნებოდა.
სასჯელი ხომ,უპირველეს ყოვლისა,სულს უნდა დააჩნდეს კაცისას,გონებას უნდა ჩაებეჭდოს და არა სხეულს.სხეულებრივი ტანჯვაცა და სიამოვნებაც წარმავალია.
ხოლო “რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,საშვილიშვილოდ გადაეცემის”.