ეჟენ ანრი პოლ გოგენი – “ყვითელი ქრისტე”
“ყვითელი ქრისტე” - ფრანგულ ენაზე “Le Crist jaune”,წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და გრაფიკოსის - ეჟენ ანრი პოლ გოგენის(1848-1903 წლები),მეირ 1889 წლის შემოდგომაზე,ფრანგულ საქალაქო კომუნა პონტ-ავენში შექმნილ ტილოს.სურათი მხატვარმა ზეთის საღებავით დახატა და ტილოს სიმაღლე 91 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 74,3 სანტიმეტრი.ამავე პერიოდში,პოლ გოგენმა “ყვითელი ქრისტეს” ტილოსთან ერთად შექმნა მეორე,ანალოგიური ჟანრის ტილო,სახელწოდებით “მწვანე ქრისტე” და აღნიშნული ნამუშევრები “სიმბოლიზმის” უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს ნიმუშებადაა მიჩნეული.პონტ-ავენში გოგენი პირველად 1886 წელს ჩავიდა. 9ავტორი გენია.ჯი) ბრეტონული ეტაპი მხატვრისა,გამოირჩეოდა რელიგიურ სიუჟეტებზე მუშაობით და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მხატვრის მიერ შექმნილი “სიმბოლიზმის” ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად მიჩნეული ტილო “ყვითელი ქრისტე”.დიდი ფრანგი მწერალი – ოქტავ მირბო,აღნიშნულ ტილოს “სულისშემძვრელ ნამუშევარს” უწოდებდა.ტილოზე გამოსახული ეპიზოდი,ასახავს რელიგიურ სიუჟეტს,უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ჯვარცმისა. (ავტორი გენია.ჯი) ვნებული ჯვარცმული ქრისტეს ირგვლივ კი გამოსახულია სამი “მშვიდი,უემოციო სახის” მქონე მანდილოსანი,სოფლის პეიზაჟზე,XIX საუკუნის ეროვნული ტანისამოსით შემოსილნი,რომელნიც თავიანთი ხელსაქმით არიან გართულები და ვერ აცნობიერებენ იმას,თუ რაოდენ დიდი მოვლენა ხდება მათ თვალწინ და რაოდენ დიდ ვნებას განიცდის,მათთვის და ყოველი ადამიანისათვის ჯვარცმული ქრისტე.ყვითელი ფერით,მხატვარმა ლანდშაფტი გამოსახა,შემოდგომის წითელ ფერებთან ერთად.ფაქტიურად ყვითელი ფერით,გოგენმა უფრო თვალნათელივ მიგვითითა იმაზე,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სურათზე აღბეჭდილი მოვლენა და რაოდენ მცირე ყურადღებას ვიჩენთ მასზე.აღნიშნული ეტიუდით მხატვარმა,ადამიანებს გვაგრძნობინა “შეუცნობლობა” იმისა,თუ რაოდენ დიდი წამება გადაიტანა უფალმა კაცთა მოდგმისათვის და ჩვენ ადამიანები ამას ვერ აღვიქვავთ.ამ მეთოდით პოლ გოგენმა ერთგვარად მოგვიწოდა მივაქციოთ ყურადღება მარადიულ პრობლემას ადამიანისას,რომელიც ვერ საზღვრავს,ვერ აცნობიერებს და ხშირ შემთხვევაში არც ახსოვს ვნებები უფლისა,რომელიც სწორედ ჩვენთვის ეცვა ჯვარს.ტილო იმდენად ღრმა შინაარსისაა და იმდენად ამაღელვებელი სიუჟეტის მქონეა,რომ მისი ნახვა არცერთ მნახველს გულგრილს არ ტოვებს.დღესდღეობით პოლ გოგენის გენიალური ნამუშევარი “ყვითელი ქრისტე”,დაცულია ქალაქ ბუფალოს,ოლბრაიტ-ნოქსის ეროვნულ გალერეაში (ამერიკის შეერთებული შტატები).