სოლომონ I-ის “მოკლე დახასიათება”

სოლომონ მეფე (1735-1784 წლები) - მთელი სიცოცხლის მანძილზე გმირულად ებრძოლა როგორც გარეშე,ისე შინაურ მტრებს.არც ერთ მეფეს იმერეთის სამეფოს ოთხსაუკუნოვან ისტორიის მანძილზე ისეთი სახელი არ დარჩენია,როგორც სოლომონ I-ს.მას დიდად აფასებდნენ,როგორც მისი თანამედროვენი,ისე შთამომავლობა,ვითარცა სწორუპოვარ სარდალსა და წინ გამხედ პოლიტიკოსს.

რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II მას უწოდებდა “გაბედულ,მზრუნველ და ღირსეულ მეფეს ქრისტიანული სჯულისა”,სოლომონ მეორის სიტყვებით,იგი იყო “დიდ სახელოვან ქვეყნისა ჩვენსა უშჯულოთა მრავალგზის სიხლდათხეული,იმერთა მეორე აღმაშენებელი”.
სოლომონ მეორის მეუღლემ მარიამ დედოფალმა თავისი მეუღლის სის სეხნიას იმერეთის განმანათლებელი უწოდა,ხოლო ხალხმა იმერეთის მხსნელად მონათლა. (ავტორი გენია.ჯი)
1809 წელს ჯრუჭის მონასტრის სახელზე გაცემული სიგელი ასე ახასიათებს სოლომონ მეფეს: “მეფე დიდი სოლომონ,რომელმან სამეფოით თავისით განსდევნა მრავალით ჟამითგან მკვიდრნი ბილწნი მახმადიანნი და იწუადა მისი ძლიერი ზურგთა მათთა ზედა და შეღება მიწა საძაგითა სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვის სყიდვა იმერეთით სამარადისოთ,განანათლა სამეფო თავისი კეთილად,განაშენა სამღვდუელონი,აღაყუავა ეკლესიანი ყოველნი”.
ვახტანგ ბატონიშვილის დახასიათებით,იგი იყო “კეთილმსახურებისა ტრფიალ და სიმხნესა შინა ჩინებულ,სიმდაბლისა მოყვარე და სიტკბოებით მოალერსე მხილველთა თვისთა.ამან დასაჯნა და დაამდაბლა სამოფოსა შინა თავისი წინააღმდეგნი მეშფოთარნი და ქვეყნის ამრევნი გვამნი და ჰყო მშვიდობა იმერეთსა შინა.სძლია სერასკერსა ხონთქრისას,აგრეთვე ლეკთა დიდთა მხედრობათა შთასრულსა იმერეთად.განყარა მუნ მყოფნი თურქნი,აღკვეთა კნინდღა ორნი დიდი ბოროტებანი სრულიად იმერეთსა შინა,ესე იგი კაცთა კვლა და მპარაობა.გარნა მესამე უბოროტესი ესე იგი ტყვის სყიდვა დროსა თვისსა სრულიად უჩინო ჰყო”.
სოლომონის სახელი ცნობილი იყო არა მარტო ახლო ქვეყნებში,არამედ შორეულ ევროპაშიაც კი და მას ჩვენმა ხალხმა,ისტორიამ “დიდი” უწოდა,ქართულმა ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ მას საპატიო ადგილი მიუჩინა დავით აღმაშენებლის,თამარ მეფისა და ერეკლე მეორის გვერდით. (ავტორი გენია.ჯი)
სოლომონ მეფის ძლიერება სახელმწიფო ბეჭედზედაც შესანიშნავად აისახა,როცა ადრინდელი დამამცირებელი წარწერა – “მონა ღვთისა,ყმა ხონთქარისა” მან ახალი წარწერით შეცვალა: “ლომებრ მეფე,მტერთ სისხლმჩქეფე,იმერთ მეფე”.