გრიგოლ აბაშიძე – “შვიდასი წელი.კოხტაგორის შეთქმულებს”

მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,

თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,

მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,

თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.

***

მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,

თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული,

მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,

თქვენსკენ მოვრბოდი ხელგაბაწრული.

***

თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად,

თუმცა გერჩიათ გულში ისარი…

მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,

იმ წამების დროს ვერ მოგისწარით.

***

მაგრამ არ არი დრო გამთიშველი,

მათთვის,ვინც იყო ქვეყნის ერთგული,

მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი,

არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული.

***

რომ თქვენებრ მწვავდეს მზე,თქვენი მწველი,

თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი,

რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წელი,

მოველ,წამებას მეც მოვუსწარი!