მურმან ლებანიძე – “მახსოვს!”

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_

მახსოვს!

შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_

მახსოვს!

შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_

მახსოვს!

შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_

მახსოვს!

იორ-მუღანლოში სადილობა_

მახსოვს!

შენ რომ შემაყვარე ნადირობა_

მახსოვს!

შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე_

მახსოვს!

შენ არ ესროლე და მე მასროლინე_

მახსოვს!

მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე_

მახსოვს!

შენ რომ დაიხარე და აიყვანე_

მახსოვს!

ივრის ჭალები აქოჩრილი_

მახსოვს!

ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი_

მახსოვს!

მზისგან დამწვარი გორმახები_

მახსოვს!

შენი თათარი ყონაღები_

მახსოვს!

ბოლო ხანებში გვეღლებოდი_

მახსოვს!

მახსოვს,ხელიდან ვეცლებოდი_

მახსოვს!

“მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო”_

მახსოვს!

“ჰაუ,რანაირად თენდებაო!”_

მახსოვს!

ლექსებს მიკითხავდი კოცონთან_

მახსოვს!

ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა_

მახსოვს!

“გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,

რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.

გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,

ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი…