ერეკლე II-ეს “აღსასრული”
თელავში მოხუცმა მეფემ სამი წელი იცოცხლა.ბოლო დროს ის მძიმედ დასნეულდა წყალმანკით,რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა.მაგრამ უკანასკნელ წუთებამდე მას შერჩა გასაოცარი სულიერი ენერგია და ზნეობრივი შეგნება,რაიცა მას ახასიათებდა მთელი მისი ხანგრძლივი და ქარიშხლიანი ცხოვრების მანძილზე. და როცა ის გარდაიცვალა,ხალხს მართლაც ეგონა,მიჰრულებია და ხელახლა გაიღვიძებს,რათა ერთხელ კიდევ მტერს შეუტიოსო. (ავტორი გენია.ჯი)
სიკვდილის წინ ერეკლე გიორგი ბატონიშვილმა მოინახულა.მეფეს თავისი მემკვიდრის ნახვა ძალიან გაუხარდა,მაგრამ ის დაუყონებლივ თბილისსა და ყაზახში წარავლინა,რათა იქაური საქმეები მოეწესრიგებინა.გარდაცვალების დღეს,1798 წლის იანვრის თერთმეტს,ავადმყოფი სამი საათი უგრძნობლად იდო.დაღამების ჟამს ცოტათი გამოცოცხლდა და მსახურებს უბრძანა,მხრებში შესდგომოდნენ და გარეთ გაეყვანათ.სახლში შებრუნებისთანავე დაწვა და ჩქარა სული განუტევა.თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობით,ის იმავე პალატსა და იმავე საწოლში გარდაიცვალა,სადაც დაბადებული იყო.
როდესაც ხალხმა გაიგო ერეკლე მეფის გარდაცვალების ამბავი,ის ყოველი მხრიდან მიაწყდა თელავს,რათა მის ცხედარს გამომშვიდობებოდა,მეფის გვამი რამდენიმე დღე სასახლის მთავარ დარბაზში ამბიონზე ესვენა,რომელზედაც ძოწეული იყო გადაფარებული. (ავტორი გენია.ჯი) მიცვალებულს მარჯვენა მხარეს,ძვირფას ბალიშზე,სამეფო ნიშნები ეწყო,ხოლო მარცხნით – დედოფლის სამკაულები.დარბაზის ერთ მხარეს თეთრ საბურველში გახვეული სეფექალები ისხდნენ,ხოლო მეორეზე კარისკაცები გადატეხილი კვერთხებით ხელში.ფანჯარაში მოსჩანდა მეფის უკუღმა შეკაზმული ცხენი,რომლის აღვირი თავშიშველ და მიწაზე მჯდომარე მეუზანგეს ეჭირა.სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობას ღებულობდა ქართველი ჯარი თავის დროშებითა და ქვემეხებით.მეორმოცე დღეს ერეკლეს ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაასაფლავეს.დარეჯან დედოფალი,რომელიც გულწასული ძირს ეშვებოდა,როცა მას მისი ქმრის თანამოასაკე მეომრები მიუტირებდნენ ხოლმე,სამგლოვიარო პროცესიას მცხეთაში არ გაჰყოლია; ის თელავში დარჩა,რათა თავისი პატივმოყვარე გეგმები განეხორციელებინა,კერძოდ თავისი შვილებისათვის ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი უზრუნველეყო.
ამ დროს კი ქართველი ხალხი დიდი გულისტკივილით გლოვობდა თავის საყვარელ გმირს:
ვერ გაიგეთ,ქართველნო,შეგეხსნათ რკინის ფარია,
აღარ გვყავს მეფე ერეკლე,არც მისი საომარია,
დამდგარა ბაირახები,აღარ ჭექს ზარბაზანია!
მცხეთას დგას თეთრი საყდარი,გვერდზე ჩაუდის მტკვარია,
შიგა დგას ოქროს ლოგინი,შიგ ნათობს კელაპტარია,
შიგა დგას კუბო ოქროსი,გამოსახული ჯვარია,
კუბოში ჩაუწვენიათა ბაგრატიონთა გვარია.
ასე გარდაიცვალა და გამოტირებულ იქნა საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფე.სამშობლოს სიყვარულით და დიდი მამულიშვილობით იყო მისი ანთებული სული,ამიტომაც უწოდა მას ქართველმა ხალხმა მოფერებით “პატარა კახი”. (ავტორი გენია.ჯი)