შოთა ნიშნიანიძე – “გამოთხოვება” (ეროსი მანჯგალაძეს)
“ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი”.
* * * * *
განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით,
ქართული სულის მეჩუქურთმევ,მჭედელ-ხარატო,
რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე,
როცა კაცს,თურმე,საკუთარი გულიც გღალატობს.
***
თხემით ტერფამდე შენ იყავი მართლა ქართველი
და მაინც დარჩი ავთანდილი უშერმადინო,
არ მინდა გითხრა სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი,
ვაითუ,ახლაც,სიკვდილშიაც გული გატკინო.
***
ჯერ ადრე იყო… და სიკვდილის ვინ მოგცა ნება,
უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი?
სულაც არ მიკვირს,თუ უბრალო მოკვდავი ცდება,
ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!
***
ეიფელის კოშკს შენ გერჩია ჯვარი და გრემი,
უცხოთა “ბრავოს”-აღტაცების ქართული ცრემლი.
დიდებისათვის არ წასულხარ არსად სალაშქროდ,
ამერ-იმერში მაინც ქუხდი გაღმა-გამოღმა…
***
სიკვდილის როლსაც რა უღმერთო ძალით თამაშობ…
ო,მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ…
დაეშვა ფარდა… წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს,
ჟრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს…
***
ადექ მაესტრო!
და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს
მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!..