შოთა ნიშნიანიძე – “სიზმრად ვნახე თეთრი გედი”
- სიზმრად ვნახე თეთრი გედი… ნეტავ,დედა,რაო?
სანთლები და მგალობლები… ნეტავ,დედა,რაო?
დედი,დედი თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა… და მღეროდა… ნეტავ,დედა,რაო?
- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ,შენს დედასაო!
შენც სიმღერით მომიკვდები… ვაჰ,შენს დედასაო!
- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა… ნეტავ,დედა,რაო?
შვილო,შავეთს გათხოვდები… ვაჰ,შენს დედასაო!
- მიწას ხარი ჩაღმუოდა… ნეტავ,დედა,რაო?
- შვილო,მამაშენი არი… ვაჰ,შენს დედასაო!
- აგრე მწარედ რომ ყმუიან ნეტავ,დედა,რაო?
- ეს ალგეთის ლეკვებია,ვაჰ,მათ დედასაო!
- ვითომ,ყვავილები წვიმდა… ნეტავ,დედა,რაო?
- საქართველო ატირდება… ვაჰ,შენს დედასაო!..