იოსებ ნონეშვილი – “გამმა”
და ვინ მძულდა – ის კვლავ მიყვარს,ვინც მიყვარდა იგი კი მძულს.
ეჰ,ვინ მომცემს თავშესაფარს,ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?
***
არ მიყვარხარ,ჩემო კარგო,არ მიყვარხარ და… რა გიყო?
რომელ წყალში გადავარდე,რომელ ზღვაზე გავირიყო?
არ მიყვარხარ და არ ვიცი – რისთვის? ან რამ მაიძულა?
ვინ წამართვა შენი თავი,რომელ ღმერთმა შემაძულა?
არ მიყვარხარ… გრძნობა ჩემი სევდის ცეცხლით გამოვკვებე,
არ მიყვარხარ,მაგრამ თუ გსურს,ჩემი სული მეოცნებე -
ჰა,ინებე!
***
და ვინც მძულდა,ის კი მიყვარს,ვინც მიყვარდა იგი კი მძულს…
ეჰ,ვინ მომცემს თავშესაფარს,ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?
***
შეხე,ფოთოლთ სარეცელზე მზის პეპელა როგორ კვდება,
შეხე,ნამი – ბროლის ნამი – მძივად როგორ ინასკვება!
შეხე,მთვარემ ძირს დაუშვა,ცის წიაღით მონასხლეტი,
ცეცხლის კიბე საოცნებო,საოცნებო ცეცხლის სვეტი!..
შეხე,რარიგ იცრემლება ბროწეულის ხე,მწვანე ხე!
ეს მიტომ,რომ სხივთა ისრით მე ნიავს ფრთა მოვატეხე…
შეხე… შეხე!..
***
არ მიყვარხარ… რა ვქნა? რა ვქნა? არ მიყვარხარ და… რა გიყო?
რომელ წყალში გადავვარდე,რომელ ზღვაზე გავირიო…