უილიამ შექსპირი – “სონეტი VIII”

ნეტავ რას ნაღვლობ,როცა ანდობ მუსიკას სმენას.

მის სიტკბოებას რატომ ხვდები სევდის ჰანგებით?

ეგებ ის გიყვარს,რაც განიჭებს შეუცნობ წყენას,

ეგებ სიამე სატანჯველად გექცა განგებით?

***

ეგებ საყვედურს გეუბნება აქ ყველა ბგერა,

მწარე სიცხადე ეგებ ამხელს ფარულ იარებს,

ეგებ აქ მაინც ის სიმართლე გესმის და გჯერა,

რომ მარტოობა შენ სიკეთეს ვერ გაზიარებს.

***

შეხედე,სიმმა როგორ შექმნა სხვა სიმთან წყვილი,

როგორ დაიწყო სიმებს შუა ჰანგმა თარეში,

ერთად ამღერდა თითქოს მამა,დედა და შვილი

ბედნიერების აუმღვრეველ სიანკარეში.

***

და,ალბათ გესმის რასაც მღერის სამი არსება,

რომ მარტოობა შენთვის სიკვდილს დაემსგავსება.