აკაკი წერეთელი – “სიბრძნის წუთი”
საზოგადოდ,იმერეთში და კერძოდ,ლეჩხუმისაკენ,ბევრი მოიპოვებოდა იმისთანა კაციცა და ქალიც,რომ ქართულის მეტი არა იცოდა-რა,მაგრამ კარგად კი იყო გონებაგახსნილი და განვითარებული. სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ,ერთ-ერთ უდიდესს ქართველ მამულიშვილსა და მგოსანს – აკაკი წერეთელს ძალიან მოსწონდა და უყვარდა ისინი,რის გამოც უპირატესობასაც კი აძლევდა იმ პირებზე,რომელთაც წარამარა ტიტინი ესწავლათ უცხო ენაზე და მით დაემთავრებინათ თავიანთი განათლება. (ავტორი გენია.ჯი) ერთ მშვენიერ დღეს აკაკის მეგობრებმა უსაყვედურეს: შინ გაზრდილები რომ მოგწონს და ნასწავლებს არად აგდებ,რად შვრები მაგასო? – მაგის პასუხს ამ საღამოს მობრძანდით ჩემთან და მოგახსენებთო, – მიუგო აკაკიმ.
საღამოს მართლაც ესტუმრნენ მგოსანს მეგობრები.მასპინძელმა ისინი თავის ოთახში მიიწვია,სადაც მამაპაპურად გახურებულ ბუხარს გუგუნი გაჰქონდა.ოთახში სითბოც კარგი იდგა და სინათლეც იყო,მაგრამ სანთელი კი არსად ჩანდა.”ეს უსინათლობა რა არისო?” – იკითხა ერთმა მათგანმა. – “სანთელი,თუ გნებავთ,სხვა ოთახში მიბრძანდითო!” – უპასუხა მასპინძელმა და შეიყვანა სტუმრები მეორე ოთახში.აქ ბუხარი გაცივებული იყო და მხოლოდ სადღაც კუთხეში,სანთელი ბჟუტავდა.აღარც სინათლე იყო და აღარც სითბო.დასხდნენ იქ სტუმრები,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ,სიცივემ რომ მოუჭირათ,იკითხეს: “არ აჯობებს,რომ ეს სანთელიც იმ თბილ ოთახში გავიტანოთ და ჩვენც იქ გავიდეთო?” – “რასაკვირველიაო”,დაეთანხმა აკაკი.გავიდნენ და გაიტანეს სინათლე.პირველ ოთახს სანთელიც რომ მიემატა,ერთიორად უფრო განათდა და გადაქათქათთა.მაშინ მიუბრუნდა მასპინძელი სტუმრებს და უთხრა: “აი,მეგობრებო,ხომ ხედავთ: ამ ოთახში,სადაც კარგი მამაპაპური ბუხარი ანთებული იყო,სითბოც კარგი დაგვიხვდა და სინათლეც ცოტაოდენიო,იმ უცხო ოთახში რომ შეგიყვანეთ,სადაც კერა გაცივებული იყო,აღარც სითბო იყო და სინათლეც ობლად,საცოდავად ბჟუტავდა,სანამ ბუხრის სინათლეს მისიც არ მივუმატეთ. (ავტორი გენია.ჯი) მე რომ შინ გაზრდილი კაცები მომწონს,ისინი მამაპაპურად არიან გაზრდილი და განვითარებული,იციან კარგად დედა ენა და სამშობლოც ყოველგვარად შესწავლილი აქვთ.იმათი სიახლოვით,მე სითბოსაც ვგრძნობ და სინათლესაც ვხედავ.თქვენ რომ ზოგიერთ ნასწავლზე მიმითითებთ,ისინი იმ უცხო ოთახში მბჟუტავ სანთელსა ჰგვანან,სადაც აღარც სითბოა და აღარც სინათლე.მშობლიურ ნიადაგზე თუ არა დგას კაცი,მისი შუქი ბევრს ვერ გაანათებს და ვერც არავის გაათბობს”. (ავტორი გენია.ჯი)