ნიკო გომელაური – “რა შტერიო – დააბრალა ძმას”
რა შტერიო – დააბრალა ძმას…
დავთვერიო – დააბრალა სმას…
მეხვევაო – დააბრალა ქალს…
ვერ ხვდებაო – დააბრალა ხალხს…
***
დავიწვიო – დააბრალა მზეს…
რა ბილწიო – დააბრალა ზმნებს…
შევბერდიო – დააბრალა ცრემლს…
ვერ შეკრა და დააბრალა წრეს…
***
გავცივდიო – დააბრალა თოვლს…
არ მიცდიო – დააბრალა დროს…
უვიციო – დააბრალა ბრბოს…
ცრუ ფიციო – დააბრალა ბოზს…
***
უზრდელიო – დააბრალა შვილს…
კურდღელიო – დააბრალა შიშს…
თავს ვკარგავო – დააბრალა ფიქრს,
რას ვგავარო – დააბრალა ფირს…
***
არ მყოფნოსო – დააბრალა ფულს…
მაყოვნებსო – დააბრალა პულსს…
კარგიაო – დააბრალა ცუდს…
ნაღდიაო – დააბრალა ცრუს…
***
მოკლედ,ყველაფერი,ასე,
დააბრალა სხვას
- ცარიელი… ცოდვით სავსე,
საფლავის ქვად დგას…