„ცხოვრებისეული ფილოსოფიიდან”
„სამყაროში მარადიული არაფერია. იქმნება და ინგრევა სისტემები. იბადება და კვდება ადამიანი. სიკვდილი ანგრევს ყველაფერს და ათანასწორებს ყველას.
ყოველდღიურად ათასობით კაცი კვდება მსოფლიოში, მაგრამ ეს ცხოვრების წვრილმანებით დატვირთულ ადამიანებს ავიწყდებათ. ზოგჯერ, იქნებ სასარგებლოც კი იყოს ჩვენთვის ასეთი გულმავიწყობა. ადამიანებმა, რომელთაც სხვისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედ-იღბალი აბარიათ, უმჯობესია არ დაივიწყონ ლათინური თქმულება: „გახსოვდეს სიკვდილი” ან გალაკტიონის სიტყვები: „ვაი იმას, ვის სიკვდილი სიცოცხლეში ავიწყდება”. უდიდეს კეისარსაც ხომ მუდამ დაჰყვებოდა მონა მარტო იმისათვის, რომ ხშირად შეეხსენებინა მისთვის სიტყვები: „კეისარო, შენც მოკვდავი ხარ!” – გახსოვდეთ, მოკვდავნი ხართ და გულს ნუ ატკენთ ერთმანეთს, „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი”, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ – „გიყვარდეთ ადამიანნო, ერთმანეთი!”