ხუტა ბერულავა – “…მე მამღერებს ცაზე ნისლი”

მე მამღერებს: ცაზე ნისლი

და მიწაზე – ნაკადული,

ბექობიდან შეძახილი

მთის უბეში დაკარგული;

***

მე მამღერებს: ჩემი კერა,

ჩემი გმირი წინაპარი,

ბუხრის პირას გაგონილი

ძველი ლექსი და ზღაპარი;

***

მე მამღერებს: მთვარის შუქი

და ვარსკვლავთა ნელი კრთომა,

ვარდობისთვე მხიარული,

კალათსავსე შემოდგომა;

***

მე მამღერებს: ცეცხლის ალი

რომ ედება ყაყაჩოებს,

ცისკარი რომ ლალით ხატავს

გულგაღეღილ ატმის რტოებს;

***

მე მამღერებს: სიყვარულის

აფეთქება უეცარი,

სატრფოს თვალებს მოწყვეტილი

ორი ცვარი,ცრემლის ცვარი;

***

მე მამღერებს,მე მაღელვებს

ჩემი მიწა და მამული,

ჩემი ტკბილი საქართველო,

ვაჟას ცრემლით დანამული.