პეტერ პაულ რუბენსი – “სიყვარულის ბაღი”
“სიყვარულის ბაღი” - წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის და ევროპული ბაროკოს ეპოქის ბრწყინვალე წარმომადგენლის - პიტერ პაულ რუბენსის (1577-1640 წლები),მიერ შესრულებულ ტილოს.აღნიშნული სურათი,რუბენსს სხვა სურათებისაგან განსხვავებით “შეკვეთით” არ დაუხატავს და იგი პირადი საკუთრებისათვის შექმნა 1632 წელს.როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ,ეს ტილო გამოსახავს ერთგვარ აღიარებას მხატვრის უდიდესი სიყვარულის,თავის რიგით მეორე მეუღლის – ელენა ფორმანის (1614-1673 წლები) მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ როდესაც რუბენსი 53 წლის ასაკში დაქვრივდა,1630 წელს მეორედ იქორწინა მისი მეგობრის – დანიელ ფორმანის ქალიშვილზე.ქორწინების პერიოდში რუბენსი 53 წლის იყო,ხოლო ელენა 16 წლის და მათ თანაცხოვრებაში 5 შვილი შეეძინათ,მათ შორის ყველაზე უმცროსი რუბენსის გარდაცვალების შემდგომ (ცნობისათვის: რუბენსის გარდაცვალების შემდეგ ელენა კვლავ დაქორწინდა.ამჯერად მისი რჩეული – იან ბაპტისტა ვან ბრუკჰოვენი გახლდათ,რომელთანაც ერთი ვაჟი,სახელად – იანი შეეძინა).მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა,რუბენსს – ელენასთან,საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა.სურათზე მარცხენა მხარეს გამოსახული მანდილოსანი კი ძალიან ჩამოჰგავს ელენას,რომლის გვერდში ასახული მამაკაცი თავად რუბენსია,თუმცა ბევრად ახალგაზრდული იერით.ტილო ერთგვარად გამოსახავს ზემოთ აღნიშნულ ჰარმონიულ და სასიყვარულო ურთიერთობას მასსა და ელენას შორის.შესაბამისად მოტივიც მისი შექმნისა ეს იყო და მხატვარმაც მიზანშეწონილად მიიჩნია ბედნიერი პერიოდი ცხოვრებისა სურათზე აესახა.დღესდღეობით პეტერ პაულ რუბენსის მიერ შექმნილი ტილო – “სიყვარულის ბაღი” დაცულია,ესპანეთის დედაქალქ მადრიდის “პრადოს” ცნობილ სახვითი ხელოვნების მუზეუმში და უდიდეს მოწონებასაც იწვევს მნახველში. (ავტორი გენია.ჯი)