კოტე მაყაშვილი – “თამარ მეფეს,თამარ წმიდას,თამარ მშვენიერს”
ჩემმა ენამ რომ აფრქვიოს
ალმასი და იაგუნდი,
რომ მოვიხმო,მოვიშველო
ანგელოზთა მწყობრი გუნდი,
რაფაელის ღვთაებრივი
ყალამიც რომ მოვიმარჯვო,
რომ ბუნების სამხატვროზე
ფერთა ქმნაში გავიმარჯვო,
ვერ დაგხატო,ვერ გადიდო,
შესაფერად “შუქმფინარო,
თამარ წყნარო,შესაწყნარო,
ხმანარნარო,პირმცინარო!”
ქება,ხოტბა მე არ ძალმიძს…
საიმისო ნიჭი არ მაქვს,
საქართველოს კაეშანი
მტკივნეულის გულით დამაქვს.
გესლიანი არის იგი,
ტვინში გველად შეხიზნული,
მის მოთხრობით სევდიანმა
ვერ ვახარო შენი სული!
მოიღუშა,დაგვიბნელდა
ცა ელვარე და მცინარი,
ჩასვენებულს,ცხოველმყოფელს,
მზეს დასტირის ჩვენი ქნარი!
აღარ გვყევხარ,დიდო თამარ,
მოგვარიდა ღმერთმა პირი,
აღარა გვყავს მემკვიდრენი,დაგვეხოცა ყველა გმირი!
საქართველოს ლამაზ სხეულს,
ნაქანდაკევს შენის ხელით,
სულდგმულს შენის სულით,მოსილს
წმინდა შუქით და ნათელით,
ბრძოლის ალში გამოწრთობილს,
გაკაჟებულს,გარკინებულს,
მუხთალ ბედის ჯადოქრობით
ღონემიხდილს,დაძინებულს,
ტურა,მგელი დაეხვია…
ყველამ გაჰკრა ბასრი კბილი,
გასწეწა და გამოსწეწა,
გაიჩინა ლუკმა ტკბილი!
მის საშველად არვინ მოდის…
არსადა სჩანს მისი მხსნელი!..
დაფლეთილი მკერდის წყლულით
შადრევანობს სისხლი ცხელი!
არსად სჩანან მისი შვილნი,
სიყვარულით რომ აღზარდა,
ლომ-ბუმბერაზთ მოდგმა,ეჰა,
დაწვრილმანდა,გადაგვარდა!
არას დავსდევთ,მშობლის განძ
ვინ და როგორ გაიტაცა,
ჩვენი გრძნობა და გონება
ნაცრის ქექვამ გაიტაცა.
მის საშველად არვინ მოდის!..
ემატება ჭირსა ჭირი,
თამარ დიდო,თამარ გმირო,
დაგვეხოცა ყველა გმირი!