თამაზ ჭილაძე – “და ისევ ისე ქვეყანა ბრუნავს”…
და ისევ ისე ქვეყანა ბრუნავს…
და ისევ ისე დრო მიდის,ქრება…
და ისევ ისე,შენს უნებურად,
შენს ნაცვლად სადღაც ვიღაცა კვდება.
***
ან ეწამება შენს ნაცვლად ვიღაც,
სხვას,შენს მაგივრად,ჯვარზე აკრავენ,
შენს ნაცვლად ვიღაც ცლის შხამის ჭიქას,
ანუ მზად არის მოკვდეს ახლავე.
***
შენ ეს არ იცი,შენ ეს არ გესმის,
ვერ ხვდები,ვინ ხარ,ან საით მიხვალ,
სხვა არის შენი ფიქრების მწყემსი,
სხვა ამსხვრევს ყოფნა-არყოფნის ტიხარს.
***
თუმცა უხილავ ჯაჭვით გადაბმულს
ჰგავს ზღვაც და ხმელიც,ვარსკვლავთა კრებაც,
მაინც უშენოდ ქვეყანა ბრუნავს…
მაინც უშენოდ დრო მიდის,ქრება…