ფრანსუა ვიიონის პოეზიიდან…

ბრალეული ვარ,სათქმელი რა მაქვს,

ცოდვებს ვიმრავლებ უგზო ფეთებით,

თან მაინც მჯერა,ზეციერ მამას

ჯერ წასაწყმედად არ ვემეტები

ამიტომ იყო,არ მიმცა სიკვდილს,

ნებავს,დავიგზნო ცრემლი მალული,

ჩამოვირეცხო ყოველი მწიკვლი

სინდისის ქენჯნით და სინანულით.

(დიდი ანდერძი)

***

კურთხეულ იყოს,ამინ და ამინ,

ღმერთი,რომელიც ქალწულმა შობა,

რომ გამოსცლოდა ფარული შხამი

ადამისაგან მორთმეულ ნობათს.

დიდება ციურ არსთა კრებულებს,

წმინდან-მარტვილთა კრებულსაც დიდე…

დიდებულია,მიცვალებულებს

პატარ-პატარა ღმერთებად თვლიდე.

(ბალადა – ღვთსისმშობლის ლოცვა,დედისთვის შეთხზული)

***

ვიდრე დანარჩენს გადავლექსავდე,

ამბით გავლიოთ მცირე სავალი.

მიჰგვარეს ერთხელ დიდ ალექსანდრეს

სიკვდილმისჯილი კაცი მავანი.

კაცს დიომედე ერქვა სახელად,

იყო მეკობრე,კანონის მტერი,

მიჰყავდათ სულის  ამოსახდელად

საბელს მიბმული ოთხივე ცერით.

“აბა,ბაცაცავ,შე უგვარტომო,

რას მოგვახსენებ თავის დასაცავს?”

რაზეც მეკობრემ: “მეფევ ბატონო,

რატომ მეძახი ვითომ ბაცაცას?

ნუთუ იმიტომ,რომ ვერ შევძელი,

ძედ შევძენოდი მეფე ფილიპეს,

ვერ შევაგროვე ჯარი შენდენი,

და ვერც აზია შევიხვილიფე?

გაჩენის დღიდან მდევნიდა ბედი,

რაც დამემართა,მისი მადლია,

მომადრეკინა შიმშილმა ქედი

და საშოვარზე გამომათრია.

ტახტის ორგული არ ვარ,ღმერთმანი,

მაგრამ ცხოვრება როგორც ქადაგებს,

ვერ ეგუება ხშირად ერთმანეთს

მეფის კანონი და სიღატაკე”.

“კარგია სიტყვა შეუნიღბავი”,

რატომღაც მოლბა მეფე სარდალი,

“დღეს შეიცვლება შენი იღბალი,

განმიჩენია ეგ სამართალი”.

და კაცი იგი,დასძენს მთხრობელი,

კაცი გახადა,ვითარცა ჯერარს.

ვალერიუსი,დიდად ხმობილი,

ყვება და, მგონი,კიდევაც სჯერა.

(დიდი ანდერძი)