ხუტა ბერულავა – “…რა ჯადოქრობამ შესძრა პირველად”

რა ჯადოქრობამ შესძრა პირველად

სული კაცისა – სიმღერის ფესვი?

მზემ,გაზაფხულმა,სევდამ,ფრინველმა

აღმოაჩინეს მის ფსკერზე ლექსი.

***

ტყემ,დედამიწამ,თეთრმა ღრუბელმა,

ცის კაბადონზე რომ არ ჰყავს მწყემსი,

ქარმა,ზღვიდან რომ წამოუბერა, -

ააშრიალეს გრიგალში ლექსი.

***

ქალმა,ღიმილმა,ბრძოლამ,ძიებამ,

მდუღარე ლოცვამ,ცასაც რომ ესმის,

აღთქმამ,იმედმა,მონანიებამ, -

ჩირაღდანივით აანთეს ლექსი.

***

წყენამ,ტკივილმა,მხნეობამ,რწმენამ,

რომელსაც ჰქვია სიკეთის თესლი,

ბულბულთა სტვენამ და დედაენამ, -

ამქვეყნად შექმნეს უკვდავი ლექსი.