ტერენტი გრანელი – “მარადისობის ლაჟვარდები”

ცრემლი არ მოდის,მაინც მე ვტირი

და შორეული სივრცე მიტაცებს.

სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,

სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

***

ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,

მაშინ,როდესაც მე არ ვიცოდი.

ასე მგონია,სულთან ახლოა

ცისფერი შუქი მარადისობის.

***

ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,

ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.

მე ვიფერფლები,გულის გარშემო

მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.

***

უკვე დაღამდა,ისევ მე ვტირი

და უხილავი სივრცე მიტაცებს.

სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,

სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.