გურამ შეროზია – “(თვით) მკვლელი ანგელოზი”

დღეს გაორების სადავეებს ჩემსკენ მოვზიდავ,

ხვალ ტკივილამდე მომბეზრდება თქვენი ატანა,

ზეგ შეიშლება ჩემში უტყვი ანგელოზი და

ბასრი მახვილით გადაუხსნის ვენებს სატანას!

***

როცა დრო მოვა,მომავალთან გაუნდობელი,

მე უკუვაგდებ გატაცებებს ცეცხლთან თამაშზე,

შენ – წვიმასავით სასტიკი და დაუნდობელი

მოხვალ ჩემთან და თვითმკვლელობას შემომთავაზებ…

***

ჩამჭიდებ ხელს და გადმოვხედავთ ცხოვრებას მტრულად,

მერე გავიძრობთ ხელთათმანებს,ერთმანეთს ვესვრით,

ცივსისხლიანი გადასერავს საფეთქლებს ლულა,

მოწამლავს კისრის არტერიებს ტყვიების გესლი…

***

შენ მოხვედი და თვითმკვლელობა შემომთავაზე,

უკუნითამდე დაამძიმებს ღამეს ცოდვები,

სასწრაფოდ სულის ყველა ღია კარი ჩარაზე,

გვირაბის ბოლოს ნათელს ნუღარ დაველოდებით…

***

და მაინც მჯერა სადავეებს ჩვენსკენ მოვზიდავთ,

და რომ სიცოცხლის უსასრულოდ შევძლებთ ატანას,

რომ შეიშლება ჩვენში მშვიდი ანგელოზი და

ბასრი მახვილით გადაუხსნის ვენებს სატანას…