დავით შემოქმედელი – “მამაო,დღეა სააღსარებო”
მამაო,დღეა სააღსარებო,
გზა მოკლდება და მიდის არსაით,
ჩამომაკივლეთ საყდრის ზარებო,
მერე გაყუჩდით ზამთრის ცასავით.
***
ხორცი ამ მიწას როგორ ავყარო,
სად ჩამოვცალო ცოდვები ჩემი,
ორკესტრი არის მთელი სამყარო,
ადამიანი დაღლილი ხემი.
***
ამ კარნავალზე ყველა ნიღაბი
ჩადრიან ცაზე უფრო ბაცია,
დგას სალონების ცრუ ელვარებით
ყალბი ცხოვრების დეკორაცია.
***
მამაო,სული გაცვდა ოხვრაში,
გაძაძისფერდნენ ქართლის ხედები,
და სოლოლაკის ვიწრო ოთახში
პატიმარივით,მგონი,ვბერდები.
***
მამაო,ცრემლი ციმციმებს ზენა,
მდუმარებაში დანთქმულან მთები,
მე გულგრილობის ყინულზე ვწევარ
და შობის ღამის საკმევლით ვთბები…