მორის ფოცხიშვილი – “ჩემი წასვლა და შენი დარჩენა”
მზე პერანგში მესიზმრება,
თვალს ვახელ და ვეძებ ჩეროს, -
ჩემს ქვითინს და შენს სიმღერას
ცა ეხსნება,ჩანგო ჩემო!
***
ვიდრე ღმერთი შეგვიცნობდეს,
თავს ვერ ავწევთ ალბათ ზემოთ, -
ჩემს სიკვდილს და შენს სიცოცხლეს
გაუმარჯოს,რწმენავ ჩემო!
***
შენ ხარ ჩემი მესაფლავე,
შენს შუბს უნდა ჩამოვეგო, -
ჩემს სანთლებს და შენს ვარსკვლავებს
დღეგრძელი დღე,ცაო ჩემო!
***
მწუხრმა ხელი შემახოცა,
ღვარძლმა ჯოხით უნდა მცემოს, -
ჩემს ჩასვლას და შენს ამოსვლას
ვესალმები,ხავსო ჩემო!
***
გულში მიკრავს დედამიწა,
შუქით ვაფრთხობ კერპს და დემონს, -
ვკვდები,მაგრამ მაინც გიცავ,
საქართველოს,ხატო ჩემო!
***
ოდნავ იჭვმა შემაჩერა,
სული სევდით უნდა ვგვემო, -
ჩემს წასვლას და შენს დარჩენას
გაუმარჯოს,წიგნო ჩემო!