ელგუჯა ამაშუკელი – “ქუჩები წვიმით გადაიფერა”

ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი,

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.

***

მაღალი ჭიქა სავსეა ისევ

ცისფერ მუსიკით და შეცდომებით,

დაცლი და მერე თავიდან იწყებ

განმეორებით და მონდომებით.

***

და მთელ სხეულში დაფანტულ ნერვებს

სული გადაქსოვს,როგორც ობობა,

გადანათებულ სარკმელის მერე

არის სიჩუმე და მარტოობა.

***

შენს მოგრძო თვალებს და ფართო თვალებს

ქუჩა ათასგვარ ჩრდილებით ავსებს

და მოგონება დღეისთვის მსგავსი

საღამოსავით მკრთალდება ასე.

***

ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი,

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.