ქართული ხალხური ფოლკლორი – “ნეტავ არ ჩაედებოდეს”

ნეტავ არ ჩაედებოდეს

ფოლადის გული სხეულსა,

მალე მოჰკლავდა სიკვდილი,

არ დასტანჯავდა სნეულსა.

მადლია ცივი სამარე,

დაასვენებდა ეულსა,

დაეშვებოდა პირიდან

ამ წუთისოფეს წყეულსა.

ათასნაირად მტანჯველსა,

სიტკბო-სიმწარით რეულსა,

ფლიდია წუთისოფელი,

დაუგმავ ყველა გრძნეულსა.

მიწაა ჩვენი მფარველი,

დედას ვადარებთ ხვეულსა,

გულ-მკერდში ჩაკონებულსა,

შვილზე ხელ-გადახვეულსა.

სუყველას გულში ჩაიკრავს:

უვარგისსა და რჩეულსა,

უალერსოს და უღონოს,

მკერდში სისხლ-გამოლეულსა.

თუ საიქიო არ უჯობს

ამ წუთისოფელს წყეულსა,

ერთს მაინც ვისმე ნახავდით

იქიდან გამოქცეულსა…