ჯანსუღ ჩარკვიანი – “ხმა”
არ მოკვდა,
ღმერთთან წავიდა,
ცას შეხსნა
რკინის კარიო,
ცრემლად დასდინდა
სოფელსა,
იმისი ცოდვა-ბრალიო.
***
მესმოდა
კაცის ზმუილი,
მესმოდა
ქალის “ვაიო”,
გაწვრთნილი
მგლების ყმუილიც
ყოფილა სანახავიო.
***
ვაი,თქვე
უცხოთ შვილებო,
ვის მტერს აუბით
მხარიო,
ვისი ნაძლევი
მიირთვით,
ან ვისი
ნასამხრალიო.
***
ვის აუყვავეთ
გულ-მკერდი,
ახარეთ
გასახარიო,
ვინ დასწვა
თქვენი ჯილაგი,
თქვენი გზის
გასაყარიო.