თენგიზ ბეგლარიშვილი – “ვაზის სიკვდილი”

ძურწა და კლანჭა მომესივნენ,

დამახრჩონ ლამის,

მიწა გაფიტდა,მიწა დასკდა -

მნატვრელი ნამის.

***

ფესვიც გამიშრა,

შემეპარა სიყვითლეც ფოთოლს,

მკერდი დამიჭკნა,

უპატრონოს,უმწეოს,ობოლს…

***

გადავიყარე სუსტ მხრებიდან

ნაზამთრი თოვლი,

თრთოლვით ველოდი

მზეს,გაზაფხულს,

ველოდი თრთოლვით…

***

მაგრამ მუხთალი ბედისწერა

ეს რას მიშვრება,

თვალი მევსება – კვირტი ჭკნება,

ცრემლი მიშრება….

***

ჭიგო წამექცა,

დამიჟანგდა,დაწყდა მავთული,

მიწას გავრთხმივარ

ფეხზე მდგარი,წელგამართული.

***

ვეღარც მზე მათბობს,

ვერც ლამაზად ვხვდები გაზაფხულს,

სისხლი გამიშრა,

მზე რას მიზამს

სუსხით დაზაფრულს!

***

მიწას გავერთხე,

მიწამ მშობა,მიწას ვაკვდები…

რა უხარიათ,

რას მაყრიან სიცილს ატმები!

***

ჩემო პატრონო,

თავს მღიმარი ვეღარ დამხარი…

ვიყავ ვენახი,

ახლა მქვია ნავენახარი!

***

სანამ ვიყავი,

არ ვზოგავდი,თავსა გწირავდი,

გოდრებს თავმობით გაგივსებდი,

ქვევრებს – პირამდი;

***

ჩხას და აკიდოს არ გაკლებდი,

მთელ წელს გარჩენდი,

ჭირს გიმშვენებდი,

ლხინში კაცად გამოგაჩენდი.

***

ჩემო პატრონო,

სიტყვა არ გაქვს სასაყვედურო,

ჩემო პატრონო,ბრალი არ მაქვს,

არ დამემდურო.

***

წყალი მწყუროდა,

გვალვა მკლავდა,როგორ გავძლებდი…

შე დალოცვილო,

წყალსა გთხოვდი, – ღვინოს გაძლევდი!

***

ხმელ ბელტს პირბასრი თოხი აკლდა,

ფესვს – ცის ნაწური…

შენი ხელი და გული მაკლდა -

ზრუნვა კაცური,

ჩემი ბარაქა

დღეს წარსულში მიტომ დანთქმულა…

კაცის ღალატი შეიძლება,

ვაზის – არ თქმულა!

***

ჩემო პატრონო,

სიტყვა არ გაქვს სასაყვედურო,

ჩემო პატრონო,

ბრალი არ მაქვს,არ დამემდურო!