მორის ფოცხიშვილი – “უკვე დასტამბულის თავფურცელზე”

წიგნო,სადა გყავს მკითხველი,

დინჯი,მშიერი,მშვიდი, -

გყიდულობს ყველა პირველი,

ყველა მეორე გყიდის.

***

რა დაგიკარგავს,რას ეძებ,

განწირული ხარ თითქმის, -

ყველა მესამე გაბეზღებს,

ყველა მეოთხე გძიძგნის.

***

შური,რა შური,რა ცილი,

სულ სხვა სენი გხრავს,სულ სხვა, -

ყველა მეხუთე დაგცინის,

ყველა მეექვსე გსუსხავს.

***

ჩნდები თუ არა მაშინვე,

გრძნობ ძმათა შენთა ღალატს, -

ყველა მეშვიდე გაშინებს,

და ყველა მერვე გჩქმალავს.

***

კარადის კარი იღება,

დილა ღამდება ცუდად,

და მაინც ნამდვილ მკითხველთან

ერთად მივიდეთ უნდა!

***

ერთიც რომ იყოს,

იმ ერთთან,

ვიცი,მივაღწევთ ფრენით, -

იმ ერთი შეხვედრისათვის

კვლავ ღირს წამება ჩვენი!