შოთა ნიშნიანიძე – “კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს”

კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს,

ასე მგონია,სხვის ადგილს იჭერს,

მოგვიანებით ანდა დროულად

ჩვენს შორის იწვევს ღიმილს და იჭვებს.

ის ეთვისება თამაშს და ნიღაბს,

ათას სიყალბეს,ათას სიჭრელეს,

დააბრალებენ რაღაცას იღბლად

და სხვა რა გზა აქვს,

ისიც იჯერებს.

სხვის ხვედრს იჩემებს,სხვის მოწოდებას,

სინდისისა და ტანჯვის გარეშე

და რომ მოკვდება,ღმერთო შეგცოდე,

მგონია,წვება სხვის სამარეში…