ხუტა გაგუა – “ირონიული ბალადა”

კაცია – თეთრი საყელო

და ღიპიანი ფრაკი;

დაბალი,სამაგიეროდ

ჩვენზე მაღალი რანგით.

ბუნებრივია – ცისფერი,

“ვოლგა” აკითხავს რაკი,

იმისი შესაფერისი

ექნება აგარაკიც,

ნაგები – მკვიდრად ნაგები! -

არ უნდა ლაპარაკი.

სულაც არ გაუჭირდება -

ხვალ-ზეგ დაიცავს ხარისხს.

რითმაზე,მე რომ მჭირდება -

ხარის – თვალები ხარის!..

ხომ უნდა ჰქონდეს,ასე ვთქვათ,

პაწა იმედი ხვალის:

ერთი ჰყავს ლომის ბოკვერი,

ოთხი – სარჩენი ქალი…

დიდება საშვილიშვილო,

ვინც მოიხადა ვალი!

მიირთმევს ფრანგულ კონიაკს

იმერულს სწყალობს არაყს

ზოგჯერ,ამიტომ ჰგონიათ,

არაქსში ურევს არაგვს;

მე კი,უმეცარს,მეგონა,

რომ ფრანგს არაქსი არ აქვს…

მაგრამ ამაზე კამათი

ნაყვა წყლისაა – კმარა! -

თუ არ ვარგიხარ საყვარლად,

მით უარესი ქმარად…

ცოლები გადაგვირია,

რად არ ბაძავთო ამ კაცს,

სულ რაღაც ორ-სამ კვირაში

იმკისო წლობით სამკალს.

იმაზე არას ამბობენ -

სხვაგან საყვარლობს სამ ქალს

(სამ ქალს რა რითმაც უხდება

მე მათგან ვიცი – “სამკა”).

ისე ეშმაკმა დალახვროს,

არ უნდა იყოს ცუდი,

ჟამი-ჟამ სული მოითქვა

რამოდენიმე წუთით,

თუ,რა თქმა უნდა – ქიცინი

არ უნდა ამას კუდის -

ერთხელაც არ გხურებია

თავზე ნამუსის ქუდი.

ჩვენ ვკვდებით ყოველდღიურად,

ცოცხლად ამოგვდის სული,

წინსაფრიანი ცოლების

თვალები დაისრული,

როცა იმ კაცის ხასების

კაბების შარიშური

ქალაქს დილიდან აგიჟებს

ალერგიული შურით.

ნეტა ის შენი არ იყოს

- გოეთე,ან ეგ დოდე

მწარე სიცილით ჰყვებიან

ცოლები ანეგდოტებს.

უფალმა ნუმც მოგვიშალოს

მათი სიცილი,ოდეს

ქუჩაში მოვაფაფხუნებთ

განიერ შარვლის ტოტებს;

სხვები თუ ჰგვანან პინგვინებს,

ჩვენ ვგავართ მიკიოტებს:

ის დროა ამ სიბერის ჟამს,

ხმამაღლა მივკიოდე

ჩვენამდე ჯერ მოუღწეველ

და უკვე გასულ მოდებს

(მადლობა ვინც ჩვენს გასაჭირს

ხვალ მთელს ქვეყანას მოსდებს!)

კერპებად არ გაგვიხდია – თაყვანს არ ვცემმდეთ ზოდებს.

შეგვინდოს არსთა განმრიგემ,

ლექსებით თუ რამ ვცოდეთ.

ეტყობა,მუზის მსახურნი,

აქაც ჩამოვრჩით მოდებს!

ჩაიხედავენ წიგნებში -

გაეცინებათ მოთებს.

” – როგორიც რცვათ შარვალი,

ლექსიც იმგვარი შვენით” -

იტყვიან, _ და ეს იქნება

აღიარება ჩვენი…

ან ლექსი,ანდა შარვალი

რა ჭირად გვინდა,რა ქვად

თუ დაირცხვინა ბავშვობის

ქუჩის დროდადრო დაგვა!

მიჯობს,ამ ლექსის არ იყოს,

შარვალი დიდი ზომის,

და სავსე მადლიერებით

თვალები მეეზოვის.