გიორგი ლობჟანიძე – “ფანჯრების იქით”…
ფანჯრების იქით – ღამის ხავერდი,
და აღარც ერთი ნათელი ღრიჭო,
შენ არაფერი გაგიჭირდება,
რადგან ტყუილში ცხოვრება გიჯობს.
ასე,სჯობს რადგან ნამდვილი ცეცხლი,
დაუნანებლად,ბოლომდე გნაცრავს
და ყინვის მკრთალი,სასტიკი ხელი
სახეში გირტყამს ძალიან მკაცრად.
ხოლო სიცრუე შემპარავია,
როგორც მეზობლის ცბიერი კატა,
როგორც მაისი,საფლავის ბორცვებს
რომ დაუვლის და ათასფრად ხატავს;
მაგრამ ტკივილი არ ფერდადება…
თუმც ყვავილებით ირთვება ბორცვი,
ქვემოთ წუხს შენი დახრული ძვლები,
უსიყვარულოდ დამდნარი ხორცი.
და შეირხევა ორი გვირილა_
ორივე ისე სათნო,კეთილი,
თითქოსდა დედის ორი თვალია_
მიწიდან შენთვის გამოხედილი.
და ამ თვალებში ჩამდგარი შუქი
უფლებას გაძლევს,კვლავ იყო ბავშვი,
ჯადოქარივით,უცებ აღგიდგენს
დედამიწასთან დარღვეულ კავშირს;
თუმც სინამდვილეც ფეხდაფეხ მოგდევს
ქალაქის შეშლილ,მტვრიან ქუჩებად,
შებინდდება და იმ გვირილების
დიდი თვალებიც დაიხუჭება.