ვახტანგ ჯავახაძე – “ქება სასვენი ნიშნებისა”

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს,

ვიცი მათი ფასი…

წერტილიდან წერტილამდე

ძლივს მიმქონდა აზრი.

არასოდეს არ ვკარგავდი

კითხვის ნიშნის იმედს

და ბოროტად არასოდეს

ვიყენებდი მძიმეს.

ზოგჯერ,

როცა სიტყვის შემდეგ

ვერ დავწერდი წერტილს

და მძიმესაც ვერ დავწერდი,

წერტილ-მძიმეს ვწერდი.

როცა რითმებს ვდარაჯობდი,

როგორც მონადირე,

მწერებივით მაქეზებდნენ

დეფიზი და ტირე.

ხშირად,

როცა არ მწყალობდა

შთაგონების ღმერთი,

ბეწვზე გადავურჩენივარ

ერთგულ მრავალწერტილს.

ხოლო

როცა დადგებოდა

ჟამი ყიჟინისა,

ხან

ორ წერტილს ვეძახოდი,

ხან -

ძახილის ნიშანს…

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს,

როგორც მეცენატი,

თუმცა

ზოგან სასვენ ნიშნებს

აღარ სცემენ პატივს.

გრძნობის დილეგს უწოდებენ

და ვნებათა კარცერს,

ზოგი

ზოგჯერ გაიხსენებს,

ზოგი სულაც არ წერს.

მე კი

ისევ ერთგული ვარ

ძველი მონაპოვრის:

სიტყვებს ვეძებ,

რომ ჩავწერო

სასვენ ნიშნებს შორის.