მანანა კობაიძე – “ამ მთების იქით”

ვერც დავიწყება ვისწავლე,

ვერც ფიქრის დაბმა ბეჩავმა,

მზე ვერ ამოვა უშენოდ,

მთვარე უშენოდ ვერ ჩავა.

***

ამ მთების იქით შენა ხარ,

შენა და შავი არაგვი,

ამ მთების აქეთ ჩემი მზე,

ქართაგან დაუფარავი.

***

ეს სიყვარული შემინდე,

თუმცა კი არი არამი,

სიტყვას სუყველა შეგიქებს,

ფიქრს დაგიძრახავს არავინ.

***

ღრუბლის ჩრდილი წევს ღრუბელზე,

წყალნი ფიქრებსა მპარავენ,

თოვლჩამოძენძილ ქედებზე

შემეშინდა და არ ავედ.

***

ნურც გეხსომება ჩემი ხმა,

შავი სამარის კარამდე,

ნურც შემიცოდებ,გინდ მნახო,

ცრემლით მიწასა ვღვარავდე…