თენგიზ ბეგლარიშვილი – “გულის ბრალია”

მივსდევ სიმართლეს,

მივსდევ სიმართლეს,

რომ მწვავს და მდაგავს, – მისი ალია…

იქნება მართლაც მილევს სინათლეს,

მაგრამ მე რა ვქნა,

გულის ბრალია!

***

ბევრჯერ გონებამ გასცა ბრძანება,

გული არ უსმენს,

აღარ უსრულებს…

გული თავის გზით მიექანება,

უახლოვდება საზარ უფსკრულებს.

***

ვინც კი სიმართლე ჩაკლა,ჩამარხა,

თავის ცხოვრება ბაღნარს ადარა…

შემაძლებინე იმის დანახვა,

ღმერთო,

სიმართლე სად ვთქვა,სად არა!

***

მივდევ სიმართლეს,

მივდევ სიმართლეს,

და მგონი მართლა მილევს სინათლეს…

გულო,ვაიმე,

მილევს სინათლეს,

გულო,მიშველე,

მილევს სინათლეს!

***

პასუხს არ მაძლევს,გული უტყვია,

თან ჯიუტია და თან თავნება…

გული თავნება და ჯიუტია

და უფსკრულისკენ მიექანება.

***

მხოლოდ და მხოლოდ,

მხოლოდ და მხოლოდ

ზოგჯერ,

ზოგ-ზოგთან

ჩემთვის ასეა,

თორემ ნათელობს დღეს საქართველო,

სიწრფელ-სიმართლით ის გულსავსეა!..

***

მივდევ სიმართლეს,

მივდევ სიმართლეს,

რომ მწვავს,რომ მდაგავს, -

მისი ალია…

იქნება მართლაც მილევს სინათლეს,

მაგრამ მე რა ვქნა,

გულის ბრალია!

***

მე კვლავ ჯიუტად

მივდევ სიმართლეს…