ვახტანგ ჯავახაძე – “კმარა! გულმა შეგიწყნარა”
კმარა!
გულმა შეგიწყნარა:
ჩქარა მოვალ
ჩქარა!
მომეჯარა ბარათების
ფარატინა ფარა,
არაგვივით ამაჩქარა,
ისევ შემაყვარა -
ანკარა და თავანკარა
შარაგზა და შარა.
ჩქარა მოვალ!
არაგვს მოვდევ ბედის ანაბარა,
ჟრუანტელმა დამიარა,
არაბს გამადარა,
გამახარა,
გამატარა,
გამაუჩინარა,
ფარაონის მარაოზე
ჩქარა დამაწყნარა.
ვერც მუქარა მომეკარა,
როგორც ვიგინდარა,
ვერც მუდარა მომეპარა, -
მომდევს წარამარა.
პატარა და კაფანდარა -
ბრუნავს ფიქრის ჯარა
და ნაღარა ისე რეკავს,
როგორც მაღვიძარა.
ჩქარა მოვალ!
თუ გათენდა,
თუ გამოიდარა,
ფანჯარასთან გიდარაჯებ
ყარაულის დარად.
არაკს გეტყვი:
არამზადა როგორ ეზიარა, -
დაგავიწყებ ცხელ იარას
და ვარვარა ვარამს.
კმარა!
წყნარად დასაღვრელი
ცრემლი დაიღვარა
და ჭაღარაც მომეპარა:
ჩქ-არა!
ჩქ-არა!
ჩქ-არა!