ვახტანგ ჯავახაძე – “…და იპოვნა კაცმა თოკი”
…და იპოვნა კაცმა თოკი, -
განა მარტო თოკი?
რა იცოდა?!
მიათრევდა,
როგორც მძიმე ბორკილს.
იმ თოკს რაში მოჰყვებოდა, -
განა მარტო რაში?
რა იცოდა?!
დაბოღმილი
ბრუნდებოდა სახლში.
რაშს მოჰყავდა ოქროს ეტლი, -
განა მარტო ეტლი?
რა იცოდა?!
გულს უკლავდა
დარდი მეტის-მეტი.
შიგ ეძინა მზეთუნახავს…
რა იცოდა კაცმა?!
მიდიოდა,
ბორკილივით
მიათრევდა ბაწარს.
უცებ რაღაც გადაწყვიტა,
შეუხვია მარცხნივ;
თოკიც ჰქონდა,
ხეს ეძებდა -
ბედნიერი კაცი.