გიორგი ლეონიძე – “ილია ჭავჭავაძეს”

- ნუ დაივიწყებ დედის სალმობას -

გვითხარ, – ბედი აქვს გადაღობილი…

მე მახსოვს შენი გამოსალმება

და შენს წინ ერი პირდამხობილი…

ვეფხვო,ბრძოლებში მიხლილ-მოხლილო,

შეუპოვარო,და რა გულძალით,

ჩაგძინებოდა ტოტზე მოღლილო,

წყლულზე გდიოდა ერის კურცხალი…

შენ პირველ ქართველს გეძახდა ერი,

მის გულისცემას ხარ ჩაქსოვილი;

შენ გესეოდა ათასი მტერი,

ათი-ათასი გკბენდა ზოილი.

თუ საქართველოს დროშა გიგინეს,

შენ თვითონ გახდი დროშა მძლეველი,

გარდაემატა მრავალ გვირგვინებს,

შენი გვირგვინი თვალუქცეველი.

უგუნურებმა გესროლეს ტყვია

და საქართველოს მოარტყეს გულში!

ჭრილობა შენი დღესაც გვატყვია,

ისევ მწარეა,ვით იყო გუშინ…

უქვეითესი უფსკრულის ფსკერში,

მინდა ჩავმალო სირცხვილი ჩვენი!

მინდა წავლეკო ცრემლის ნამქერში

წიწამურის გზა,ღალატის მჩენი…

ვით ზღვა,გვეძახის შენი სახელი,

ჩვენი ბრძოლა ხარ,ჩვენი დიდება,

აზრი ხარ ლექსში გადასახსნელი,

მისთვის სიკვდილი არ დაიდება!

გარდმოიხილე და ვენახს ჩვენსას

მაღლით დახედე დღესაც,ილია!

თუ მომაგონდეს შენს მკლავის ძღვენსა,

თუ დასხმულია,თუ მოვლილია?

თუ შევასრულეთ,რასაც ნატრობდნენ

წინაპართ ძვლები დანატრულებით?

ვაზის რქის ზრდაში მოგვეპატრონე

და ნუ იქნები დანამდურები.

რათა კვლავ შენი ლექსი მოგვბერო,

გისმენდეთ,მოსეს ხმებით მგრგვინავო,

შენ – საქართველოს უკვდავმყოფელო,

მისთვის ყველაზე საგვირგვინარო!