იოსებ ნონეშვილი – “დედა”

დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ – ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

***

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი “ნანას”,”მზე შინას”,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

***

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით,საათით,

რომ სიარული გესწავლებინა,

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

***

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

***

დედავ,ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფერები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

***

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა დამრია ხელი,

დედავ,იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

***

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე,დედავ ნამდვილად,

ჩემი ქვეყანა,ჩემი მამული.

***

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

***

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.

***

დედავ – სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ – სიცოცხლის დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თავლებით ვხედავ სამყაროს.